ბელარუსი

ვარშავის, პრაღის, ბუდაპეშტის, ბრატისლავის მერიები ბელარუსის ისტორიულ დროშას აღმართავენ

ბელარუსი ხალხის მხარდამჭერი აქცია პრაღაში. 16 აგვისტო.
REUTERS

ვარშავის, პრაღის, ბუდაპეშტის, ბრატისლავის მერიები ბელარუსის ისტორიულ დროშას აღმართავენ. თავისუფალი ქალაქების პაქტის მერების მიერ 26 აგვისტოს ხელმოწერილ განცხადებას ვარშავის მერი, რაფალ ტრჟასკოვსკი, Twitter-ზე აზიარებს:

"ჩვენ, თავისუფალი ქალაქების პაქტი, სოლიდარობას ვუცხადებთ ბელარუსის მშვიდობიან მომიტინგეებს და მტკიცედ ვგმობთ მაღალჩინოსნების მიერ მიუღებელ ძალადობას.

ბელარუსის მომავალი უნდა იყოს ბელორუს ხალხთან, და არა ევროპის ბოლო დიქტატორ ალექსანდერ ლუკაშენკოსა და მათთან, ვინც მას ხელს უწყობს. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ევროკავშირს, გადახედოს ბელორუსის მიმართ მის პოლიტიკას და მიიღოს ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც ძალადობრივ დარბევაზეა პასუხისმგებელი. ჩვენმა ევროპულმა საზოგადოებამ მტკიცე პოზიცია უნდა დაიჭიროს დემოკრატიული ბელარუსისთვის ბრძოლაში.

ჩვენ სიამაყით აღვმართავთ ისტორიული ბელორუსის დროშას ჩვენს მერიებში ყველა სფეროს ჩვეულებრივი მოქალაქეების სოლიდარობის ნიშნად, რომლებიც ძალაუფლებასთან ბედავენ სიმართლის ლაპარაკს და თავისუფლებისთვის მსვლელობას მართავენ." – ვკითხულობთ დოკუმენტში.

დღევანდელი ბელარუსის ოფიციალური დროშა ბელარუსის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის თითქმის იდენტური დროშაა, მცირე განსხვავებით – დღევანდელ დროშას წითელ ნაწილში ნამგალი და უროს და ვარსკვლავი აღარ აქვს, ოდნავ შეცვლილია ორნამენტის ნაწილიც. ამჟამინდელი დროშის დიზაინი 1995 წელს წარადგინეს. როგორც ალექსანდერ ლუკაშენკო განმარტავს, წითელი თავისუფლებასა და ქვეყნის წინაპრების მსხვერპლს გამოხატავს, ხოლო მწვანე - სიცოცხლეს. 

ბელარუსის თეთრ-წითელ-თეთრ დროშას ოპოზიცია 1995 წლიდან იყენებს ალექსანდერ ლუკაშენკოს წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ამ დროშას იყენებდა ბელარუსის სახალხო რესპუბლიკა 1918 წლიდან მანამ, სანამ ბელარუსი საბჭოთა კავშირის ნაწილი გახდებოდა. ფერები შთაგონებულია ბელარუსის ტრადიციული გერბისგან. მას შემდეგ, რაც 1991 წელს ბელარუსმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეს ქვეყნის ოფიციალური დროშა იყო, 1995 წლამდე. დროშა აკრძალული არ არის, თუმცა მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ეს არარეგისტრირებული სიმბოლოა.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ. დღემდე დასტურდება, რომ ბელარუსის არჩევნების შემდეგ აქციებზე, სულ მცირე, 3 ადამიანი მოკლეს.

კომენტარები