უკრაინელი მებრძოლის ექსტრადირება

წულუკიანი უკრაინელი მებრძოლის რუსეთში ექსტრადირებაზე: პოზიცია არ მაქვს

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი სახალხო დამცველის მიმართვას ეხმაურება, რომელშიც იგი პროკურატურას მოუწოდებს, არ მოხდეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მონაწილე უკრაინელი ვადიმ ალტმანის რუსეთში ექსტრადიცია. წულუკიანის თქმით, მას ამ საქმეზე პოზიცია არ აქვს, რადგან საქმეზე ჯერ პროკურატურამ უნდა იმუშაოს, შემდეგ სასამართლომ განიხილოს და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება იუსტიციის მინისტრს საქმის გაცნობის საშუალება.

"ამ საქმეზე ჯერ პოზიცია არ მაქვს, რადგან საექსტრადიციო საქმეზე პროკურატურები მუშაობენ, შემდეგ ქართულმა სასამართლომ უნდა განიხილოს და სულ ბოლოს, პატიმრობის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, საქმე მოდის მინისტრთან, ეს წერია კანონში. ეს საქმე არ მინახავს, არ ვიცი რას ეხება, როდესაც საქმეს გავეცნობი, ცხადია, პოზიცია მექნება და ეს პოზიცია თქვენთვისაც გახდება ცნობილი". – ამბობს თეა წულუკიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

სახალხო დამცველმა 3 აგვისტოს გენერალურ პროკურორს მიმართა წინადადებით, არ მოხდეს უკრაინის მოქალაქის ვადიმ ალტმანის რუსეთში ექსტრადიცია. ვადიმ ალტმანის რუსეთში ექსტრადირების შესახებ შუამავლობა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის გენერალური პროკურორისგან 30 იანვარს მიიღო. 

რუსეთის პროკურატურის შუამდგომლობის მიხედვით, ვადიმ ალტმანს რამდენიმე დანაშაულში ედება ბრალი, მათ შორის კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბებასა და ნარკოტიკულ დანაშაულებებში

ომბუდსმენის ცნობით, ვადიმ ალტმანი რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. როგორც განცხადებაში წერია, დოკუმენტების მიხედვით, ალტმანი არის "ომის, შეიარაღებული ძალების ინვალიდთა და საომარი მოქმედებების მონაწილეთა სრულიად უკრაინის ორგანიზაციის ოდესის საოლქო ორგანიზაციის" წევრი. ალტმანი უკრაინელ მოხალისეთა ჯგუფების შემადგენლობაშიც მონაწილეობდა და აქტიურად იყო ჩართული უკრაინის არმიის აღჭურვა-მომარაგებაში

კომენტარები