რამზან კადიროვი

კადიროვი სანქციებზე: პომპეო, ვიღებ ბრძოლას, ახლა უფრო საინტერესო იქნება

"პომპეო, ჩვენ ვიღებთ ამ ბრძოლას. ახლა უფრო საინტერესო იქნება". – ასე პასუხობს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მასა და მის ოჯახზე დაკისრებულ სანქციებს. 

რამზან კადიროვმა Telegram-არხზე ეს პოსტი ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა, სადაც ის თავიდან ფეხებამდე შეიარაღებული იარაღის საწყობში დგას. 

მოგვიანებით ჩეჩნეთის ლიდერმა კიდევ ერთი, ამჯერად უფრო ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და მას ოჯახთან და 14 შვილთან ერთად გადაღებული ფოტო დაურთო. 

"სახდეპელებო,

მე ჩეჩნეთის რესპუბლიკის არჩეული მეთაური ვარ, რომელსაც მოსახლეობის თითქმის 100%-მა დაუჭირა მხარი. და დღეს რეგიონის მცხოვრებლები მხარს მიჭერენ, რაში დარწმუნებაც უბრალოდ რესპუბლიკაში ჩამოსვლითაც შეგიძლიათ და არა ოკეანს მიღმა გადაწყვეტილებების მიღებით. 

კარგით, ვიყო ადამიანის უფლებების ასჯერ დამრღვევი, რითი ხსნით სანქციებს ჩემი ცოლისა და ჩემი ქალიშვილების მიმართ? რა დანაშაულები ჩაიდინეს და ვისი უფლებები დაარღვიეს? ამ კითხვაზე თქვენ პასუხი არ გაქვთ. და ზუსტად ეს აჩვენებს თქვენი, მსოფლიო ინტრიგნებისა და პროვოკატორების რეალურ ყალბ სახეს. 

თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ღიად წახვიდეთ გულისამრევი მეთოდებით და უთანხმოება შემოიტანოთ ჩემს ოჯახში. შესაძლოა, ფიქრობდით, რომ თქვენ ეს გამოგივათ, მაგრამ არასწორად გათვალეთ. ჩეჩნეთში ოჯახის ინსტიტუტი თქვენს სანქციებზე ძლიერია! და მედნი მუსაევასა ან ჩემს ქალიშვილებს რომც ჰქონდეთ რაიმე სახის ინტერესები აშშ-სა, თუ ევროპაში, მიატოვებდნენ ამას. თქვენი ბინძური პოლიტიკური თამაშების გამო არა, არც ჩემი თხოვნით, არამედ სახელმწიფოებრიობის, ხალხისა და ოჯახის გამო. 

წარმოშობის გამო ჩემი ოჯახის ყველა წევრი, ყველა ჩეჩენი მზად არის ჩვენი დიდებული სახელმწიფოს ღირსებისა და სინდისის სადარაჯოზე დადგეს! სხვათა შორის, ორი უფროსი ქალიშვილის გარდა კიდევ 12 შვილი მყავს! სწრაფად ჩასვით ისინიც სანქცირებულთა სიაში. 

იცოდეთ, რომ თქვენ მორიგ ჯერზე აჩვენეთ ყველას, რას წარმოადგენთ. ჩემს სათქმელს ჩემი ხალხი იტყვის!" – დაწერა რამზან კადიროვმა. 

ჩეჩნეთის ლიდერისთვის სანქციების დაწესებაზე ინფორმაცია აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ დღეს, 20 ივნისს გაავრცელა

"სახელმწიფო დეპარტამენტი საჯაროდ უწესებს სანქციას რუსეთის მოქალაქე რამზან კადიროვს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების ჩადენისთვის, წამების, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მკვლელობების, იძულებითი გაუჩინარებების ჩათვლით. ჩვენ უყოყმანოდ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ ამ დარღვევებზე პასუხისმგებლობა დადგეს". – დაწერა მაიკ პომპეომ. 

კომენტარები