ზაზა გახელაძის გატაცება

სუს: ბრალდებები ზაზა გახელაძის მიმართ არის არალეგიტიმური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია სუს-ისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის შესახებ. საოკუპაციო რეჟმმა ცხელი ხაზის საშუალებით ქართულ მხარეს გაუზიარა ინფორმაცია მათ მიერ  დაჭრილი და გატაცებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის მდგომარეობის შესახებ.

"საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ცხელი ხაზის საშუალებით გაგვიზიარეს ინფორმაცია ზაზა გახელაძის უკანონო ბრალდებებთან დაკავშირებით.

აღნიშნული ბრალდებები არის არალეგიტიმური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ცხელი ხაზის მეშვეობით აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას. ამოქმედებულია ყველა საერთაშორისო ბერკეტი. პროცესში ჩართული არიან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის უახლოეს დღეებში გამართვის მიმართულებით". – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა. მათივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. 

კომენტარები