საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია მთავრობას ბიბლიოთეკებისა და არქივების გასხნას სთხოვს

სოვლაბი

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია საქართველოს მთავრობას ბიბლიოთეკებისა და არქივების გასხნას სთხოვს.

სახელმწიფო არქივებსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას უკვე 4 თვეზე მეტია, კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებისა და შესაბამისი ზომების – კარანტინისა და საზოგადოებრივ სივრცეებში მასობრივი თავშეყრის შეზღუდვის შემოღების გამო მოქალაქეთა მიღება და მომსახურეობა შეჩერებული აქვს.

თითქმის 1 თვეა, საჯარო და კერძო დაწესებულებების უმრავლესობამ, ვირუსისაგან დაცვის შესაბამისი ზომების გათვალისწინებით, მოქალაქეთა მომსახურეობა განაახლა, თუმცა, სახელმწიფო არქივები და პარლამენტის ბიბლიოთეკა კვლავ დახურულია. არ მოიპოვება ინფორმაცია, როდიდან იგეგმება მათი მუშაობის განახლება.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ:

"პანდემიისაგან შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, მკვლევართა და მკითხველთა საზოგადოება ამ თვეების განმავლობაში ადეკვატურად აფასებდა არსებულ შეზღუდვებს, რომლებმაც მრავალი დაბრკოლება შეგვიქმნა კვლევის პროცესში. დღეისათვის, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მოვითხოვთ, ამ დაწესებულებებმა მაქსიმალურად სწრაფად განაახლონ მკვლევართა და მკითხველთა მიღება, შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით.

აუცილებელია, აღინიშნოს, რომ საარქივო კვლევის სპეციფიკისა და საბიბლიოთეკო ფონდებთან მუშაობის წესები, ისედაც, პანდემიის საფრთხის არსებობის გარეშეც, მოითხოვს ჰიგიენის მკაცრად დაცვას – პირბადითა და ხელთათმანებით მუშაობას, ვიზიტორიებისათვის ინდივიდუალურ სამუშაო მაგიდას, მათ ყოველდღიურ აღრიცხვას და ა. შ.

გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ მკვლევართა საზოგადოების ამ პრობლემას და მაქსიმალურად სწრაფად უზრუნველყოთ ამ დაწესებულებების გახსნა, რომლებიც, ფაქტობრივად, მხოლოდ შესაბამის ბრძანებას ელიან მუშაობის გასაახლებლად".

კომენტარები