რუსული პროპაგანდა

ლიტვამ აკრძალა რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული მედია RT

The Daily Beast

8 ივლისს ლიტვამ აკრძალა რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული მედია Russia Today. 

ამის მიზეზად ქვეყანამ დაასახელა RT-ის კავშირი ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუსეთის სახელმწიფო Rossiya Segodnya-ს ახალი ამბების  სააგენტოს უფროსთან დმიტრი კისელიოვთან. 

"RT-ს აკონტროლებს კისელიოვი, რომელსაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 2014 წელს ყირიმის ანექსიაში და აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების რუსეთის მხარდამჭერ პროპაგანდაში მისი არსებითი როლისთვის... ისინი ავრცელებენ [ამბებს], რაც კრემლს ემხრობა," - ვკითხულობთ ლიტვის რადიოსა და ტელევიზიის საბჭოს განცხადებაში.

მათივე თქმით, აკრძალვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს რჩევის შედეგად დააწესეს. 

აკრძალვა ეხება RT-ს ხუთ არხს - RT, RT HD, RT Spanish, RT Documentary and RT Documentary HD.

რუსეთის საელჩოს სპიკერი უარყოფს, რომ კისელიოვი RT-ს აკონტროლებს. რუსული მხარე ირწმუნება, რომ ლიტვის "არამეგობრული გადაწყვეტილება" ალტერნატიული აზრსა და თავისუფალ მედიასთან ბრძოლაა.

პირველ ივლისს არხი ლატვიამაც აკრძალა. ლატვია RT-ს პროპაგანდისტულს უწოდებს და ამბობს, რომ არხს კისელიოვი აკონტროლებს.

კისელიოვი ბრალდებას უარყოფს და ლატვიას ურჩევს, არხს ბოდიში მოუხადოს და ეთერში დააბრუნოს. ამჟამად არხის ოფიციალური ხელმძღვანელია მარგარიტა სიმონიანი.

კისელიოვი სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებული სიახლეების სააგენტოს Russia Segodnya-ს აღმასრულებელ დირექტორად 2013 წელს დანიშნა ვლადიმირ პუტინმა. კისელიოვი შედის ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში, როგორც "სახელმწიფო პროპაგანდის მთავარი ფიგურა, რომელიც უკრაინაში რუსული ჯარების განლაგებას უჭერს მხარს".

კომენტარები