პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება

ბესელია გახარიას პირად კადრებზე: ვინ და რატომ ჩაიდინა ეს დანაშაული?

ეკა ბესელია
პარლამენტი

ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას კითხვით მიმართა. კერძოდ, დეპუტატმა პრემიერს ჰკითხა, რატომ არაა დღემდე მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანანო გავრცელების საქმე გახსნილი და რა მიზნით დაიგეგმა ეს დანაშაული.

"ამ საანგარიშო პერიოდში თქვენ იყავით შინაგან საქმეთა მინისტრი, როდესაც იმ უმრავლესობის დეპუტატის მიმართ, პარლამენტის წევრის მიმართ გავრცელდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩაწერილი უკანონო ჩანაწერები, ეს მოხდა თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში. დღეს არის ივნისის ბოლო და გავიდა წელიწადი და 5 თვე, თქვენ თქვით, რომ მეტყოდით, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, არ მითხრათ ეხლა, რომ ეს საქმე გახსნილია, იმიტომ, რომ ეს საქმე გახსნილი არ არის და ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით მე არ მიმიღია.

გეკითხებით ეხლა, ვინ დაგეგმა ეს დანაშაული და რა მიზანი ჰქონდა იმ დანაშაულის დაგეგმვას და რატომ დაემთხვა ეს იმ პერიოდს, როდესაც ჩვენ გვქონდა უმწვავესი კონფლიქტი მოსამართლეთა 10-კაციანი სიის გამო. რა იყო ეს, ეს იყო დასჯა, ეს იყო სამაგიეროს გადახდა, ეს იყო ანგარიშსწორება, თუ ეს იყო გაფრთხილება ყველა დანარჩენის მიმართ, ვინც გაბედავდა და ამ თემაზე, ან სხვა თემაზე აირჩევდა იმ ფორმას პროტესტისა, რაც მე ავირჩიე.

გავიდა წელიწად-ნახევარი და მე არა მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ მე ამ კითხვაზე პასუხს აუცილებლად მივიღებ, ეს იქნება დღეს, ხვალ თუ რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამას, მაგრამ მე თქვენ მინდა გკითხოთ, იმ პრემიერმინისტრს, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო - ვინ და რატომ დაგეგმა ეს დაშანაული?

ქალბატონ მაიასთან უკაცრავად, მე ნამდვილად ვუფრთხილდები მის ნერვებს, მაგრამ მე ამ კითხვაზე პასუხს მოვითხოვ და არ დავიღლები იქამდე, ვიდრე არ გავიგებ კონრეტულ სახელს და გვარს, არა კოლექტიურს - კონკრეტულს." - ამბობს ბესელია.

2019 წლის 28 იანვარს დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებით ინტერნეტსივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას, გამოყენებას, გავრცელებას ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფას გულისხმობს.

1-ლ თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 ახალგაზრდა დააკავა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების ნახვისა და გავრცელების ბრალდებით. მათი ნაწილი გირაოს სახით გაანთავისუფლეს, ნაწილს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამ დროისთვის ყველა მათგანი თავისუფალია.

ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გუნდს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის გამო დაუპირისპირდა, რის კულმინაციაც გახდა 22 თებერვალს მის მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვება.

23 ივლისს, შსს-ს ცნობით, ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში პირველად გაავრცელა. მათი თქმით, ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა.-მ ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. შსს-ს მტკიცებითვე, ეს კადრები დ.ა.-მ Facebook-ის მესენჯერის საშუალებით რუსეთის მოქალაქე მ. დ.-სგან მიიღო.

კომენტარები