ნარკოდანაშაული

შსს: ნარკოტიკების ინტერნეტით გაყიდვისთვის უკრაინის 3 მოქალაქე დავაკავეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს უკრაინის სამი მოქალაქე: 1990 წელს დაბადებული პ.ბ., 1990 წელს დაბადებული ა.ხ. და 2000 წელს დაბადებული დ.პ., ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ჩართულნი იყვნენ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, ა.ხ და დ.პ., პ.ბ.-ს მითითებით, თბილისში, წინასწარ სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდნენ პირს, რომელიც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა.

ა.ხ.-ს და დ.პ.-ს პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს ადგილზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება – სუბუტექსის 45 აბი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები.  

ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, ა.ხ.-ს და დ.პ.-ს მითითებით ადგილზე ამოღებულია სარეალიზაციოდ განთავსებული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება – სუბუტექსის 25 აბი. 

ბრალდებულების დროებითი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას კი პოლიციამ ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება – სუბუტექსის 688 მთლიანი აბი და 21 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები