გენერალური პროკურატურა

მამის FB პოსტის შემდეგ POG არასრულწლოვნის მიმართ ადევნების და მუქარისთვის პატიმრობას ითხოვს

პროკურატურამ 15 წლის გოგონას მიმართ ადევნებისა და მუქარის საქმეზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. თუმცა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც არასრულწლოვანის მამამ Facebook-ზე პოსტი გაავრცელა. 

კაცი წერდა, რომ მისი შვილი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და სამართალდამცავ ორგანოებს უმოქმედობაში ადანაშაულებდა. მამის facebook პოსტს საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. 

უწყების ცნობით, რ.ნ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით წარედგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ.-სთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული თ.ჭ. არასრულწლოვანი იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სისტემატურად, პირადად ამყარებდა გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას, ურეკავდა სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრებიდან და სოციალური ქსელების facebook-ის და Instagram-ის მეშვეობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა. 

ასევე რ.ნ. სისტემატურად უკავშირდებოდა დაზარალებულის ნათესავს და მეგობრებს და მათი მეშვეობით ცდილობდა თ.ჭ.-სთან კომუნიკაციის დამყარებას. 2020 წლის 7 ივნისს რ.ნ. საცხოვრებელ კორპუსთან დახვდა დაზარალებულს და მასთან პირადი კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა, რის შედეგადაც თ.ჭ.-ს შეეშინდა და კორპუსის დაცვის თანამშრომლის დახმარებით დაბრუნდა საცხოვრებელ ბინაში. ასევე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 13 თებერვალს, თ.ჭ.-მ ბრალდებულისგან facebook-ის მეშვეობით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო",- წერია განცხადებაში. 

პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 17 ივნისს არასრულწლოვანი დაზარალებულად ცნეს. 

კომენტარები