ეკონომიკური ზრდა

ბედინეიშვილი მთავრობას: ეკონომიკის 6% რომ გვაქვს უცხოურ ინვესტიციებში, ესეც მაქსიმუმია?

ტაბულა

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ეხმაურება ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ნათქვამს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის "რეალური პოტენციალი" 5%-ია.

"თავი დავანებოთ იმას, რომ 8-წლიანი ქოციანობის პერიოდში საუკეთესო ზრდის მაჩვენებელი 5.1% იყო და საშუალო წლიური საბოლოოდ 2.8% გამოუვათ", – ამბობს ბედინეიშვილი, – "5%-ზე მეტი ზრდა არ შეგვიძლიაო ეს რას ნიშნავს"?

"დავიჯერო, ინდუსტრიალიზაციის გაცილებით უფრო მაღალ მაჩვენებლებს მივაღწიეთ უკვე, ვიდრე კორეას ჰქონდა 1962-1995 წლებში (33 წლის განმავლობაში), როცა საშუალოდ 10%-ით იზრდებოდა? თუ განათლებისა და ტექნოლოგიების ისეთ გაჯერებულ სიმაღლეებზე ვართ, რომ წარმოების პროდუქტიულობის გაუმჯობესება შეუძლებელია"? – წერს ფინანსისტი.

ბედინეიშვილს აგრეთვე მაგალითად მოჰყავს მთლიან ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების წილიც:

"მთლიანი ეკონომიკის საწყალი 6% რომ გვაქვს უცხოურ ინვესტიციებში, ესეც მაქსიმუმია? და მონღოლეთი, სინგაპური და ირლანდია როგორ იზიდავენ 14-25%-ს ყოველ წელს? ჩვენ თვითონ 12-19% როგორ მოვიზიდეთ 2006-2008 წლებში"? – წერს ის.

გუშინ პარლამენტში კაკაურიძემ ევროპული საქართველოს ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე თქვა, რომ "5% არის ნორმალური ზრდა".

"შეიძლება, უფრო მეტი ჯობდეს, თუმცა დღეს საქართველოს პოტენციალი არის დაახლოებით 5.5%". – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

 

კომენტარები