აჭარის ტელევიზია

ბოკერია: რაც აჭარა TV-ში ხდება, იქცა სიმბოლოდ, როგორ ცდილობს ივანიშვილი ჩაახშოს პლურალიზმი

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია აჭარის საზოადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას აქვს მცდელობა მედიაზე ყველა მიმართულებით დაამყაროს სრული კონტროლი.

ბოკერია ასევე აღნიშნავს, რომ ეს პრობლემა იყო წინა ხელისუფლების დროსაც და მაშინ ოპოზიციაში მყოფი ქართული ოცნება აკრიტიკებდა მმართველს გუნდს, იმის გამო რომ ცენტრალური ტელევიზიები იყვნენ პროსახელისუფლო, თუმცა ბოკერიას თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ოცნებამ აგრესიული ნაბიჯებით დაიწყო კიდევ უფრო მეტი კონტროლის დამყარების მცდელობა მედიაზე, იმის ნაცვლად რომ ეს პრობლემა საერთოდ მოხსნილიყო დღის წესრიგიდან.

"ბუნებრივია, დღეს სოციალური ქსელები გვაქვს, სხვა ვითარება გვაქვს და იმედი მაქვს სწორედ ეს ფაქტორები მათ ხელს შეუშლით სრულ კონტროლში, მაგრამ ჩვენ ამ პროცესის მოწმეები ვართ. და ამის ყველაზე უფრო ცუდი, "კარგი" მაგალით არის ის რაც ხდება დღეს აჭარის ტელევიზიაში. მთელი ამ წლების განმავლობაში აჭარის ტელევიზია ახერხებდა, რომ დაეცვა ჟურნალისტური სტანდარტები, ჰქონდა პლურალიზმი და ამ თვალსაზრისით იყო სამაგალითო. ბევრი სხვა თვალსაზრისითაც და ახლა ჩვენ ვხედავთ უკვე ეს ბოლო პერიოდია აგრესიულ მცდელობას, რომ ეს "პრობლემა" ივანიშვილის ხელისუფლებისთვის იქნეს აღმოფხვრილი", - ამბობს ბოკერია.

ბოკერია ასევე განმარტავს, რომ სწორედ ამ ამოცანებს ემსახურება ტელევიზიაში ახალი დირექტორის დანიშვნა და საკადრო წმენდა, რომელიც პროცედურების დარღვევებით ხდება.

მისივე თქმით, ის რაც აჭარის ტელევიზიაში ხდება, იქცა იმის სიმბოლოდ, თუ როგორ ცდილობს ივანიშვილი ჩაახშოს პლურალიზმი და სახელმწიფო და ხელისუფლების პროპაგანდის ორგანოდ აქციოს მედია.

"ჩვენი, ევროპული საქართველოს, პოზიცია ყოველთვის მკაფიო იყო, რომ ეს არის საზოგადოებისთვის მიუღებელი, ჩვენთვის, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის, აბსოლუტურად მიუღებელი", - ამბობს ბოკერია.

ბოკერია ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ევროპული საქართველოს მიერ აჭარის ტელევიზიის სამაუწყებლო ბორდში წარდგენილი და მხარდაჭერილი კანდიდატი თამარ წილოსანი არ გამოხატავს მკაფიო პოზიციას მიმდინარე მოვლენების შესახებ და არ აყენებს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს. ბოკერია მოუწოდებს წილოსანს, გამოხატოს პოზიცია დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებასთან დაკავშირებით, რადგან ბოკერიას თქმით, პოზიციის არ დაფიქსირება მხარდაჭერას ნიშნავს.

"ჩვენ გვესმის ის, რომ ის დამოუკიდებელია, ვერავინ ვერ დააძალებს მას, რომ რა პოზიციაც იმ პარტიას აქვს, ვისი ნომინაციაც მოახდინა, ისეთივე პოზიცია ჰქონდეს. მაგრამ , ჩვენ ვართ თავისუფლები შეფასებაში ამ მაუწყებლის წევრების და ჩვენთვის დიდი იმედგაცრუებაა არის და ძალიან დასანანია, რომ ჩვენს მიერ ნომინირებული ადმიანი ამდენი ხანი არ აფიქსირებს მკაფიო პოზიციას იმ საკითხზე, რომელიც ახლა არის ცენტრალური საკითხი ამ კონტექსტში - დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი, სხვა საკითხია ეს მოხერხდება თუ არა. მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჯანმრთელი შეხედულების მოქალაქისგან ეს პოზიცია იყოს დაფიქსირებული" - ამბობს ბოკერია.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ევროპული საქართველოს წარმომადგენელი პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია და აუცილებელია პოზიციების ღიად და მკაფიოდ გამოხატვა.

"ამ პროცესში ჩვენ, როგორც პოლიტიკური გაერთიანება და ასევე მისი წარმომადგენლები რეგიონში ვაფიქსირებთ ამ პოზიციას ღიად და საჯაროდ. ამ პროცესების შეჩერების ერთადერთი მექანიზმია მკაფიო პოზიციების დაფიქსირება. მე დარწმუნებული ვარ, რომ გაიმარჯვებს საღი აზრი და საბოლოოდ საზოგადოება არ დაკარგავს საზოგადოებრივ მაუწყებელს და დაუბრუნდება იმ სტანდარტებს რა სტანდარტებითაც ის ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდა. დასანანია რომ კრიტიკული ჟურნალისტები არხზე ვეღარ არიან ან გადანაცვლებულები არიან სხვა პოზიციებზე", - ამბობს ზამბახიძე.

მას შემდეგ, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან ნათია კაპანაძე გადააყენა, მის ნაცვლად კი გიორგი კოხრეიძე დანიშნეს, არხის ჟურნალისტები ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობებზე საუბრობენ და ალტერნატიული პროფესიული კავშირიც შექმნეს.

22 ნოემბრის შემდეგ არხი ზეწოლის შედეგად დატოვა ან კოხრეიძის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს არაერთი საკვანძო თანამდებობაზე მყოფი პირი, მათ შორის ახალი სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი.

დირექტორის მხრიდან შევიწროებისა და კონტროლის ფაქტების გამო სამსახური დატოვა დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ, რომელიც კოხრეიძის დანიშვნამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ასევე დაუსაბუთებელი საფუძვლით კოხრეიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, მისი მოადგილე მაია მერკვილაძე კი ტელევიზიიდან რადიოში გადაიყვანეს და ფაქტობრივად ჩამოაშორეს სარედაქციო პოლიტიკას.

ახალი ამბების სამსახურში მიმდინარე მოვლენების გაპროტესტების გამო წამყვანი თეონა ბაკურიძე, კვლავ კოხრეიძის პირადი გადაწყვეტილებით, ჯერ ეთერიდან მოხსნეს, რამდენიმე დღეში კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

უფლებამოსილებები შეეზღუდა ონლაინ-მედიის სამსახურის უფროსს, სოფო ჟღენტს. კოხრეიძემ მას სრულად აუკრძალა საინფორმაციო ამბების კონტენტის ვებგვერდზე განთავსება.

კიდევ ერთი ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე სამუშაოდ ქუთაისის არარსებულ ბიუროში გადაიყვანეს. სოციალურ ქსელში გამოხატული მოსაზრების გამო კი ჟურნალისტი თეონა თურმანიძე ეთერს გარკვეული დროით ჩამოაშოერს.

11 მაისს გიორგი კოხრეიძის ბრძანების საფუძველზე სოციალურ ქსელში დაწერილი მოსაზრების გამო არხიდან გაათავისუფლეს მალხაზ რეხვიაშვილი, გადაცემა #ჰეშთეგის წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე.

კომენტარები