ეორვნული გამოცდები 2020

რატიანი: ჩვენი რეკომენდაცია იყო 1 კომბინირებული გამოცდის ჩატარება, მაგრამ თავი არ შეიწუხეს

მეორე არხი

ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ განათლების სამინისტრო გაითვალისწინებს ევროპული საქართველოს რეკომენდაციას, ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით და 3 გამოცდის ნაცვლად, ერთ კომბინირებულ გამოცდას ჩაატარებს.

რატიანი ამბობს, რომ მსგავსი მეთოდი ბევრ ქვეყანაშია დამკვიდრებული და პრობლემა არ იქნება, თუ აბიტურიენტები სამ საგანს ერთი გამოცდით ჩააბარებენ. 

"გარკვეულწილად ექსტრემალური გარემო იქნება და ეს არ არის სასურველი. თუ დღეს ამ მოცემულობაში 20 ან 30 საკითხი არის ერთი დღის განმავლობაში, 30 საკითხი შეიძლება, ყოფილიყო სამი საგნიდან კომბინირებული. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უბრალოდ თავი არ შეიწუხეს და საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს ახალგაზრდები", - ამბობს რატიანი.

სერგო რატიანი ევროპული საქართველოს მეორე ინიციატივაზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც ეროვნული გამოცდები სკოლებში უნდა ჩატარებულიყო. 

"40 ათასი ახალგაზრდა როდესაც თავის მშობლებთან ერთად მოძრაობს, ბუნებრივია, რომ ეს ქმნის საფრთხეს ისედაც. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ დაგვთანხმდებიან, ჩვენს რეკომენდაციას გაითვალისწინებენ და ერთი გამოცდა იქნება. გამოცდა ისედაც არის სტრესული მდგომარეობა და ამ სტრესს ფაქტობრივად 4-ჯერ ამრავლებენ," - ამბობს რატიანი. 

დღეს, 9 ივნისს გახდა ცნობილი, თუ როგორ და რა პირობებში ჩატარდება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები. 6 ივლისიდან დაიწყება და 25 ივლისამდე გაგრძელდება. სამაგისტრო გამოცდები 1-4 აგვისტოს ჩატარდება, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი კი 25 ივლისს.  

რეკომენდაციების მიხედვით, წელს თითო სექტორში 10 აბიტურიენტზე მეტი არ დაიშვება, ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი,  ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი  - 1 მეტრი. მუდმივად უნდა ეკეთოთ პირბადე. 

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცეებში კონდიციონერი ჩაირთვება მხოლოდ  სესიის დაწყებამდე და გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ.

რეკომენდაციები ვრცლად იხილეთ აქ.

 

კომენტარები