Coda წერილი

ჩვენი მეზობლები პანდემიაში - Coda წერილი

წერილის ავტორი - სოფიკო ვასაძე

საქართველოში ქალაქები ცოცხლდება და ინფიცირების შიშიც ჩვენ თვალწინ იკლებს, თუ გადავხედავთ შაბათ-კვირას თბილისში დატვირთულ ბარებს. თუმცა, არც არავის უთქვამს და ეს არ ნიშნავს, რომ რეალური რისკის წინაშე აღარ ვდგავართ.  

არც “დარჩით სახლში” მოწოდება გაუქმებულა ისე, როგორც ჩვენს მეზობელ სომხეთში, სადაც მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. 

პრემიერმინისტრი ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთში ინტენსიური თერაპიის ბლოკები სავსეა. 

ამავდროულად, აზერბაიჯანმა მკაცრად ჩაკეტა ქალაქები ინფიცირების ახალი ტალღის გამო. 

აზერბაიჯანის და სომხეთის მეტოქეობა არც კორონავირუსს შეუჩერებია და აზერბაიჯანული მედია ამბობს, რომ სომხეთის პრემიერი, რომელსაც კორონავირუსი 1 ივნისს დაუდგინდა, სინამდვილეში იტყუება ინფიცირების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს მოსკოვში ვიზიტი სამხედრო აღლუმისთვის.

ყველას ძალიან უნდა, მალე დასრულდეს ვირუსი, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს კიდევ უფრო ეჩქარებათ. მაგალითად, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ 28 ივნისის საპრეზიდენტო კამპანიისას მისი ხელისუფლება შეაქო, კორონავირუსის კრიზისთან წარმატებით თავის გართმევის გამო. მაგრამ ამავე დღეს, ჯანდაცვის სამინისტრომ ინფიცირების შემთხვევების არნახული ზრდა დააფიქსირა. 

გადაბრალებების თამაშები, ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კვლავ გრძელდება და თუ ისინი აქამდე ვირუსის წარმოშობის შესახებ ტრიალებდა, ამჯერად, ამ ახალ რაუნდში ვაქცინის თემით არის მოცული. 

კვირას რესპუბლიკელმა სენატრომა რიკ სკოტმა თქვა, რომ ჩინეთი ძირს უთხრის ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევას ვაქცინის შემუშავებაზე და სადაზვერვო სამსახურმა მოსალოდნელი დივერსიის შესახებ “ინფორმაცია წარმოადგინა”. 

ამის საპასუხოდ კი, პეკინის Global Times-მა დაწერა, რომ “ისეთი პოლიტიკოსები, როგორიც სკოტია, უგულებელყოფენ ჩინეთის როლს ვაქცინის შექმნის საქმეში საერთო საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის” 

პანდემიის გავრცელებულ მრავალ ფოტო და ვიდეო მასალაში, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეკვადორის ვიდეო იყო (ამაზე ადრეც გიამბეთ), სადაც ჩანდა ქალაქ გიაყილის ქუჩებში ათობით ცხედარის შემზარავი კადრები. 

ეს მასალა აპრილში საერთაშორისო მედიამ აქტიურად გააშუქა, როგორც პანდემიის ეპიცენტრი ეკვადორში, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ვიდეო ყალბი იყო.

  • საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებში წარმოდგენილი ვიდეო, რომელიც ასახავდა ქუჩებში ცხედრების კრემაციას, რეალურად საბურავების დაწვის კადრები იყო. 
  • ფოტომასალა, რომელიც ასახავდა კორონავირუსის მსხვერპლთათვის განკუთვნილ მასობრივ სამარხებს, სინამდვილეში პანდემიამდე იყო გათხრილი, ერთ-ერთი ფოტო კი მექსიკიდანაა. 
  • ვიდეო, რომელიც ვირუსული გახდა ინტერნეტში და ამტკიცებდა, რომ ეკვადორელები თავიანთ მიცვალებულებს ზღვაში ყრიდნენ, სინამდვილეში 2014 წელს არის გადაღებული ლიბიის სანაპიროზე და მიგრანტების კადრებია.  

რა მოხდა სინამდვილეში: 

  • ეს დეზინფორმაცია და ყალბი მასალები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ტროლების ქსელმა, რომლის სავარაუდო მოკავშირედ ყოფილი პრეზიდენტი რაფაელ კორეა მოიაზრება.
  • კორეა ბელგიაში გაიქცა საცხოვრებლად და ეკვადორში ძებნილადაა გამოცხადებული კორუფციის ბრალდების გამო. 
  • საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის თანახმად, ყოფილმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნის დროს შექმნა ტროლების პროპაგანდისტული ქსელი და ახლა ამ ქსელს მის მემკვიდრესა და მთავრობაზე თავდასხმისთვის იყენებს.  

კომენტარები