კალაძემ აქტივისტების გაგზავნილი მაისური, მისი და სააკაშვილის ფოტოთი, ხელმოწერილი დაუბრუნა

TV Pirveli

სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისის მერს, კახა კალაძეს, საპასუხოდ მაისური გაუგზავნეს, რომელზეც თბილისის მერი ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკავშილთან ერთადაა გამოსახული. კალაძემ აქტივისტებს მაისური უკან დაუბრუნა და საკუთარი ხელმოწერაც დაურთო.

აქტივისტებმა კახა კალაძის მიმართ პროტესტის ასეთ ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც თბილისის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის, ვარკეთილში სკვერის გახსნისას დაპირისპირება მოხდა.

5 ივნისს, მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვარკეთილში სკვერის გახსნისას, კახა კალაძესა და ანას ბაღის მხარდამჭერს შორის დაპირისპირება მოხდა. ვიდეოში ასევე ჩანს, რომ ერთერთ აქტივისტს მაისური აქვს შემოხეული, თუმცა კალაძის მტკიცებით, მან, სავარაუდოდ, მაისური თავად შემოიხია, რადგან პროვოკაცია არ გამოუვიდა.

მომდევნო დღეს თბილისის მერმა ჟურნალისტებთან მაისური მიიტანა და თქვა, რომ ეს იმ აქტივისტს უნდა აჩუქოს, რომელსაც წინა დღეს შემოეხა.

მაისურზე დაპირისპირებაში მონაწილე პირის ფოტოა დატანილი, ფოტოზე კი იგი მიხეილ სააკაშვილთან ერთადაა.

სწორედ ამის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტებმა მერიაში მიიტანეს მაისური, სადაც კალაძე და მიხეილ სააკაშვილი ერთადაა გამოსახული.

კომენტარები