როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად?

როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად?

ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო ერთერთი დიდი, ახალი კორონავირუსის, იგივე ვუხანის ვირუსის, პანდემიის წინაშე აღმოჩნდა, რამაც უკვე სულ მცირე 4 მილიონზე მეტი ადამიანი დააავადა, 290 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკას ზიანი მიაყენა. ვარაუდობენ, რომ ახალი ვირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა, საშუალოდ, 3%-ით შემცირდება.

მიმიდინარე პანდემიისას, 1948 წელს დაარსებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), რომლის თავდაპირველი მიზანი ყველა ადამიანისთვის ჯანმრთელობის მაქსიმალური დონის მიღწევაა, ვირუსთან მსოფლიოს ბრძოლის წინ გაძღოლის ნაცვლად, რეალურად, ამ კრიზისის გავრცელების ერთერთი თანამონაწილეა. 

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიაზე ინფორმაციის დამალვის, ჩახშობის, გაყალბების გამო მთავარი პასუხისმგებლობა კომუნისტური ჩინეთის ავტორიტარულ რეჟიმს აკისრია, არანაკლები წვლილი მიუძღვის ჩინეთთან დაახლოებულ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რის გამოც, ბოლო დროს ჩინეთის ჯანმრთელობის ორგანიზაცია არაერთხელ სამართლიანად უწოდეს. გერმანული მედიის ცნობით, ახლახანს ჩინეთისა და ჯანმო-ს მიერ ინფორმაციის დამალვაზე უკვე გერმანული სადაზვერვო სამსახურიც ალაპარაკდა. 

გასულ თვეს ჩინეთზე ხისტი პოზიციის მქონე ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც, აშშ-ის პრეზიდენტს შეეძლება, სანქციები დააკისროს იმ უცხოელ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობაზე ინფორმაციას განზრახ მალავენ ან ამახინჯებენ.

ჯანმო-სა და ჩინეთის ურთიერთობა ახალი კორონავირუსის მსოფლიო მასშტაბით გავრცელების პარალელურად

ჩინეთში ქალაქ ვუხანში ახალი კორონავირუსი ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო, თუმცა კომუნისტურმა ქვეყანამ ვირუსზე ინფორმაცია მაქსიმალურად დიდხანს დამალა და ჩაახშო. ოფიციალურმა პეკინმა მხოლოდ 31 დეკემბერს შეატყობინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას დაავადებაზე, რომელიც უცნობი მიზეზით პნევმონიას იწვევდა. 9 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ ახალი კორონავირუსი დაავადების შესაძლო გამომწვევია.

ჯანმო-ს მიერ შეცდომის დაშვება 31 დეკემბრიდანვე დაიწყო. ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორგანიზაციას 31 დეკემბერს ელექტრონული ფოსტით წერილი გაუგზავნა, რომელშიც ეწერა, რომ ჩინეთში ატიპური პნევმონია დაფიქსირდა და პაციენტები იზოლაციაში ჰყავდათ, რაც ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაზე მიუთითებდა, თუმცა მათ გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქციეს. პაციენტების იზოლაციაზე 12 იანვარს ჯანმო-ც წერდა, თუმცა მოგზაურობაზე არანაირ რეკომენდაციას აქვეყნებდა. 

"ჩინელი მაღალჩინოსნების თავდაპირველი გამოძიებით, ჩინეთში, ვუხანში იდენტიფიცირებული ახალი კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების ნათელი მტკიცებულება ვერ იპოვნეს," - ჯანმო, 2020 წლის 14 იანვარი.

14 იანვარს ჯანმო დამაბნეველ გზავნილებს ავრცელებდა. განვითარებადი დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მარია ვან კერჰოვმა თქვა, რომ შესაძლებელია, ოჯახებში ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის იშვიათი შემთხვევები იყო, თუმცა, მისი თქმით, ნათელი იყო, რომ მდგრადი გადადება არ ყოფილა. ამავდროულად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის Twitter-ის გვერდზე დამაიმედებელი განცხადება გავრცელდა, რომ "ჩინელი მაღალჩინოსნების თავდაპირველი გამოძიებით, ჩინეთში, ვუხანში იდენტიფიცირებული ახალი კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების ნათელი მტკიცებულება ვერ იპოვნეს".

20 იანვარს ჩინეთის ეროვნული ჯანმრთელობის კომიტეტმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ადამიანიდან ადამიანზე გადადის. ამის შემდეგაც კი, ჯანმო ჯერ კიდევ 22 იანვარს დაობდა, უნდა გამოეცხადებინა თუ არა საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა. ზოგიერთი წევრი მიიჩნევდა, რომ ეს ნაადრევი იყო. ტედროს ადანომ გებრაიესუსი ამავდროულად ქვეყნებს დაჟინებით მოუწოდებდა, "შეცდომა არ დაეშვათ", რადგან ეს მხოლოდ ჩინეთისთვის იყო საგანგებო მდგომარეობა და გლობალურად ის ჯერ არ იყო დამდგარი. ჯანმო-მ 10 დღის დაგვიანებით, 30 იანვარს, ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აქვე, ჯანმო-ს დირექტორს არ დავიწყებია იმის ხაზგასმა, რომ ეს გადაწყვეტილება იმიტომ არ მიიღეს, რომ ჩინეთს არ ენდობოდნენ. 30 იანვარს ჩინეთს გარეთ 18 ქვეყანაში ვირუსის უკვე 82 შემთხვევა იყო გამოვლენილი, ვირუსი გლობალურად ვრცელდებოდა.



ფოტო: GETTY IMAGES/Kevin Frayer

შეიძლებოდა თუ არა მეტი მსხვერპლის თავიდან აცილება?

მიუხედავად იმისა, რომ იანვრიდან ჯანმო-მ უკვე ოფიციალურად იცოდა ახალი ვირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის თაობაზე, 3 თებერვალს გებრაიესუსი სხვა ქვეყნებს დაჟინებით მოუწოდებდა, რომ ჩინეთიდან ჩამოსულებისთვის ქვეყნის საზღვრები არ ჩაეკეტათ. ზუსტად იმ დროს, ჩინეთის ფარგლებს გარეთ 23 ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 151 შემთხვევა და 1 გარდაცვალება იყო დადასტურებული, თუმცა, მისი თქმით, ამ მცირე შემთხვევათა მართვა საგანგებო ზომების გარეშეც შესაძლებელი იყო. ის არც ჩინეთში მყოფი უცხოელების ევაკუირების აუცილებლობას ხედავდა და საერთაშორისო საზოგადოებას სიმშვიდისკენ და გადამეტებული რეაგირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა. ამ დროისთვის, აშშ-ს, ავსტრალიას, სინგაპურს და სხვა არაერთ ქვეყანას ჯანმო-ს მითითების საპირისპიროდ ჩინეთთან საზღვარი უკვე ჩაკეტილი ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ იანვრიდან ჯანმო-მ უკვე ოფიციალურად იცოდა ახალი ვირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის თაობაზე, 3 თებერვალს გებრაიესუსი სხვა ქვეყნებს დაჟინებით მოუწოდებდა, რომ ჩინეთიდან ჩამოსულებისთვის ქვეყნის საზღვრები არ ჩაეკეტათ.

აქვე, საგულისხმოა, რომ მაშინ, როდესაც ახალი ვირუსი სუნთქვით, ხველებით ან ცემინებით ვრცელდება, ჯანმო-მ ისეთი საბაზისო რეკომენდაციაც არ გასცა, როგორც ნიღბების ტარებაა. ასევე, როგორც ცნობილია, ახალი ვირუსი შესაძლოა ასიმპტომურმა დაინფიცირებულმაც გაავრცელოს. ჯანმო-ს თქმით, კი თუ პირს კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს, ნიღაბი არ უნდა ეკეთოს. 

"ჩვენ ქვეყნებს მოვუწოდებთ, რომ მიიღონ მტკიცებულებაზე დაყრდნობილი და თანმიმდევრული გადაწყვეტილებები," - იმეორებდა გებრაიესუსი მაშინ, როდესაც თავად წარმოადგენდა ჩინეთის დეზინფორმაციის წყაროს.

მხოლოდ იანვარში, მანამ, სანამ 22 იანვარს ვუხანს ჩაკეტავდნენ, 7-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა ქალაქი და ვირუსი მთელ ჩინეთსა და მსოფლიოში გავრცელდა.

ამ პერიოდში კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის რაც შეიძლება სწრაფად ჩაკეტვა, რადგან 25 იანვარს ჩინელები ჩინურ ახალ წელს აღნიშნავდნენ. ამ დღესასწაულის დროს ქვეყანაში, რამდენიმეკვირიან არდადეგებზე, დიდი მიგრაცია იწყება - ჩინეთში და საზღვარგარეთ ასობით მილიონი ადამიანი მოგზაურობას იწყებს. მხოლოდ იანვარში, მანამ, სანამ 22 იანვარს ვუხანს ჩაკეტავდნენ, ქალაქი 7-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა და ვირუსი როგორც მთელ ჩინეთში, ისე მსოფლიოში გავრცელდა.

თითქმის თვენახევრის შემდეგ, სწორედ მაშინ, როდესაც ჩინეთში ახალი კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევები იკლებდა, 12 მარტს, ჯანმო-მ ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადება გადაწყვიტა. ამ დროს ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსით დაინფიცირების დაახლოებით 40 000 შემთხვევა იყო გამოვლენილი. 

აღსანიშნავია, რომ საუზემპტონის უნივერისტეტის კვლევით, ჩინეთს რომ ერთი, ორი ან სამი კვირით ადრე მიეღო ზომები, შემთხვევები 66, 86 და 95%-ით ნაკლები იქნებოდა და მნიშვნელოვნად შემცირდებოდა მის გეოგრაფიული გავრცელება. ჯანმო კი, ჩინეთის ინფორმაციის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშაც არ აყენებდა. 


გლობალურად კორონავირუსის გავრცელების პირველი კვირები, ანუ ავტორიტარული რეჟიმის ქება-დიდება

ფოტო: Eric Chow/Instagram

კორონავირუსზე ჯანმო-ს მიერ ჩატარებული ბრიფინგები სავსე იყო ჩინეთის ავტორიტარული რეჟიმის ქებით.

გებრაიესუსმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან, შეხვედრისას მას განუცხადა, რომ ჩინეთის სისტემის სიძლიერე და მის მიერ მიღებული ზომების ეფექტურობა "მსოფლიოში იშვიათად შეიძლება, ნახო" და ეს "აღმაფრთოვანებელია". 

ეს უფრო ნათლად გამოჩნდა 28 იანვარს, როდესაც ჯანმო-ს დირექტორი ჩინეთში სი ძინფინგს პირადად შეხვდა - "ჩვენ ვაფასებთ იმ სერიოზულ მიდგომას, რაც ჩინეთს ვირუსის გავრცელების მიმართ აქვს".

ჩინეთში ექიმებს, ჟურნალიტებს და რიგით ადამიანებს, რომლებმაც მსოფლიოსთვის ინფორმაციის გაზიარების სანაცვლოდ თავიანთი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს, აჩუმებდნენ, იჭერდნენ, ვირუსზე ინფორმაციის გაზიარების გამო ჭორების გავრცელებაში სდებდნენ ბრალს, ემუქრებოდნენ, სოციალურ ქსელში ვირუსზე ინფორმაციას ცენზურას ადებდნენ. მიუხედავად ამისა, ტედროს ადანომ გებრაიესუსმა სი ძინფინგთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯანმო აფასებს ჩინეთის მთავრობის "გამჭვირვალობას, მათ შორის, ინფორმაციის და ვირუსის გენეტიკური სექვენირების გაზიარებას".

30 იანვარს გებრაიესუსი აცხადებდა, რომ ჩინეთის "სისწრაფე" ვირუსის გავრცელების შემჩნევაზე და მისი გენომის მსოფლიოსთვის გაზიარებაზე "ძალიან შთამბეჭდავი და სიტყვებს მიღმაა".

ჯანმო-ს დირექტორის საპირისპიროდ, სამედიცინო ჟურნალში The Lancet მეცნიერები წერენ, რომ ჩინეთმა ვირუსის გენომის შესახებ ინფორმაცია 12 იანვარს გააზიარა, წინასაწარი გენომის სექვენირების მიღებიდან მთელი 17 დღის შემდეგ.

15 თებერვალს ჯამო-მ ისიც თქვა, რომ ვირუსის შესაკავებლად ჩინეთის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა მსოფლიოსთვის "დრო მოიგო". მისი თქმით, ეს ნაბიჯები ჩინეთს ძალიან დიდი ფასი დაუჯდა, მაგრამ ამან მსოფლიოში ვირუსის გავრცელება შეაკავა. 

ამავდროულად, ჩინეთის კომუნისტური პარტია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გზავნილებით თავს იწონებდა. 28 იანვარს გებრაიესუსმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ ისთან, შეხვედრისას მას განუცხადა, რომ ჩინეთის სისტემის სიძლიერე და მის მიერ მიღებული ზომების ეფექტურობა "მსოფლიოში იშვიათად შეიძლება ნახო" და ეს "აღმაფრთოვანებელია". 

ნელნელა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის კრიტიკა ჯანმო-ს ქმედებებზე, ჩინეთთან კავშირზე, ორგანიზაციის მიერ მსოფლიოსთვის მცდარი რჩევების მიცემის გამო გამწვავდა, გებრაიესუსმა განაცხადა, რომ თუ ქვეყნებს ცხედრების მეტი ჩანთა არ სურთ, ვირუსის პოლიტიზირებისგან თავი უნდა შეიკავონ. 

"გთხოვთ, Covid-19-ის პოლიტიზირება კარანტინში მოაქციეთ," - განაცხადა მან.

სულ ასე იყო?

ერთი შეხედვით, შეიძლება ჩანდეს, ეს ჯანმოს შესაძლებლობების მაქსიმუმია - ის საერთაშორისო ორგანიზაციაა და 194 წევრი ქვეყნიდან, დემოკრატიებთან ერთად, ავტორიტარულ რეჟიმებთანაც უწევს თანამშრომლობა, იღებს და ავრცელებს იმ ინფორმაციას, რასაც ქვეყნები ეუბნებიან. ეს ასეა ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში, რომლის ინფორმაციით ახალი ვირუსის გავრცელების შემთხვევა ამ დრომდე არ დადასტურებულა, ასეა ჯანმო-ს სტატისტიკაშიც.

პეკინი მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS-Cov) გავრცელების დროს. 2003 წლის 25 აპრილი.
ფოტო: Greg Baker/AP

"მრავალმხრივ, ჩინეთი ვირუსის გავრცელების საპასუხო ქმედებების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს," - ტედროს ადანომ გებრაიესუსის ეს განცხადება უახლეს ისტორიასთან აცდენილია - ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩინეთში სხვა, მწვავე ახალი კორონავირუსი გავრცელდა და ჩინეთმა ინფორმაცია ჩაახშო.

ჩინეთში მსგავსი სურათი იყო 17 წლის წინ მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსის, იგივე SARS-ის, გავრცელების დროს. დღევანდელისგან განსხვავებით, ჯანმო მაშინ ჩინეთს აკრიტიკებდა ვირუსის გავრცელებაზე, არასაკმარის ინფორმაციაზე, მოუმზადებელ საავადმყოფოებზე, კონტროლის ზომების ნაკლებობაზე. ჯანმო-ს ერთერთი ვიროლოგი იმ პერიოდში ამბობდა, რომ მაგალითად პეკინში, SARS-ით დაავადებულ პაციენტს ჩვეულებრივ პაციენტებთან ერთად ათავსებდნენ და შემდეგ ისინიც ავადდებოდნენ. იმდროინდელმა გენერალურმა დირექტორმა, ნორვეგიელმა გრუ ჰარლემ ბრუნტლანმა, ჯანმო-ს მიერ 55 წლის განმავლობაში პირველად, გაავრცელა კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში მოგზაურობის, ვირუსის ეპიცენტრიდან, სამხრეთ ჩინეთიდან გამომგზავრებისა და სამხრეთ ჩინეთში გამგზავრების შესახებ გაფრთხილება. 2003 წელს ჩინეთმა გარკვეულწილად აღიარა, რომ ვირუსის შემთხვევებს სათანადოდ არ აქვეყნებდნენ. ამ პერიოდში ჯანმო-ს ჩინეთთან ხმა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაკარგული.

ტაივანი და ჯანმო, ანუ ტაივანი და ჩინეთი



ფოტო: AFP

დღეს ჯანმო-ს ჩინეთისადმი მიკერძოებულობა ყველაზე თვალსაჩინოდ ტაივანთან მიმართებით ვლინდება. ტაივანი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი არ არის და ხშირად მის ტექნიკურ შეხვედრებშიც ვერ მონაწილეობს. მიზეზი ჩინეთია. კომუნისტური ჩინეთი დემოკრატიულ ტაივანს მის ნაწილად, ერთერთ პროვინციად თვლის, რომელსაც ერთ დღეს ნებით ან ძალით შეიერთებს. ამიტომ, ჩინეთისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში მისი დამოუკიდებლად მოხსენიება მიუღებელია. ჯანმო-ც ტაივანს თაიფეიდ და მის შემოგარენად მოიხსენიებს.

მას შემდეგ, რაც 1971 წლიდან კომუნისტურმა ჩინეთმა გაეროში ადგილი დაიკავა, ჯანმო-ში ნელნელა ტაივანის დაბლოკვა დაიწყო. მართალია, 2009 წლიდან 2016 წლამდე ჩინეთმა ტაივანს უფლება მისცა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეაში (ჯანმო-ში გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო) დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანებულიყო, თუმცა არა ტაივანის, არამედ ჩინური თაიფეის სახელით. მას შემდეგ კი, რაც 2016 წელს ტაივანში პროპეკინური გომინდანის მმართველობა შეიცვალა და ტაივანის პრეზიდენტი დემოკრატიული პროგრესული პარტიიდან ცაი ინგ-ვენი გახდა, ჩინეთმა ჯანმო-ში ტაივანი დაბლოკა. ცაიმ წელს ხელმეორედ გაიმარჯვა, რაც მეტწილად ტაივანსა და ჰონგ-კონგზე სწორედ გაზრდილი ჩინური გავლენის პასუხი იყო. ამიტომ, ბუნებრივია, ჩინეთის პოზიცია არ შეცვლილა.

ჯანმო-ში არყოფნით, ტაივანი ახალ ვირუსზე ინფორმაციას დაგვიანებით იღებს. ასევე, ტაივანსა და ჩინეთში ეპიდსიტუაცია სრულიად განსხვავებულად განვითარდა, რაც ლოგიკურია - ტაივანს საკუთარი მთავრობა ჰყავს და ვირუსთან ბრძოლის თავის მოდელი აქვს. მაშინ, როდესაც ჩინეთში რამდენიმე ათასი შემთხვევა დასტურდებოდა, ტაივანში მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა იყო, თუმცა ჯანმო-ს მიერ სხვა ქვეყნებისთვის მიწოდებული ინფორმაციით ტაივანი და ჩინეთი ეპიდსიტუაციის ერთ ქვაბში იხარშებოდნენ. და რაც ყველაზე მთავარია, ტაივანის ჯანმო-ში არყოფნამ ახლა რეალური შედეგები გამოიღო. როგორც ზემოთ ითქვა, ტაივანმა ჯანმო-ს 31 დეკემბერს შეატყობინა ჩინეთში ატიპიურ პნევმონიასა და პაციენტების იზოლირებულად მკურნალობაზე. გებრაიესუსმა უარყო, რომ ტაივანმა მათ ვირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გადადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"თუ იზოლირებულად მკურნალობა გაფრთხილება არ არის, მაშინ რა არის?" - იკითხა ტაივანის ჯანდაცვის მინისტრმა ჩენ ში-ჩუნგმა აპრილში გასაჯაროებულ წერილზე. როგორც ტაივანის დაავადებათა კონტროლის ცენტრი წერს, "ატიპიური პნევმონია" ჩვეულებრივ SARS-ის აღსანიშნავად გამოიყენება.

ჯანმო-ს დამოკიდებულება ტაივანისადმი ნათლად გამოჩნდა ჯანმო-ს გენერალური დირექტორის უფროსის მრჩევლის, ბრიუს აილვარდის, ჰონგ-კონგურ მედიასთან უკვე ცნობილ ინტერვიუში. კითხვაზე, ჯანმო განიხილავდა თუ არა ტაივანის წევრობას, მან უპასუხა, რომ შეკითხვა ვერ გაიგო. როდესაც ჟურნალისტმა კითხვა გაუმეორა, მან გათიშა. ხოლო როდესაც რეპორტიორი მას ხელმეორედ დაუკავშირდა და კვლავ ტაივანზე ჰკითხა, აილვარდმა ტაივანის სახელიც ვერ ახსენა - "ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ჩინეთზე… როდესაც ჩინეთის ყველა განსხვავებულ ნაწილს უყურებ, მათ ყველამ ეფექტურად იმოქმედეს".

ტაივანის საპასუხოდ ჯანმო-ს დირექტორმა თვითვიქტიმიზაციას მიმართა. ის ტაივანს "უსაფუძვლო, მოგონილ" ბრალს სდებდა, თითქოს ტაივანი და მისი საგარეო საქმეთა სამინისტრო რასობრივი ნიშნით თავს ესხმოდა. ტაივანმა კი განაცხადა, რომ ისაა ერთადერთი, ვის წინააღმდეგაც საერთაშორისო ჯანმრთელობის სისტემა პოლიტიკურ დისკრიმინაციას ეწევა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გებრაიესუსი მის მიმართ წამოყენებული ბრალდებების საპასუხოდ ამგვარად იქცევა.

​ჯანმო-ს უგულვებელყოფის მიუხედავად, დღეს ტაივანი მსოფლიოში ერთერთი ლიდერია კორონავირუსის ეპიდემიის მართვაში. ტაივანში, რომელიც ჩინეთისგან 180 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, იანვრიდან ამ დრომდე ინფიცირების 440, 375 გამოჯანმრთელების და გარდაცვალების 7 შემთხვევაა დადასტურებული. მოკლე პასუხი, თუ როგორ მოახერხა ეს ტაივანმა, არის ის, რომ მას ძლიერი დემოკრატია აქვს და რაც მთავარია, არც ჩინეთს და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ენდო. ტაივანმა სწრაფად დაიწყო ნაბიჯების გადადგმა და 31 დეკემბრიდანვე ვუხანიდან ჩამსვლელების შემოწმება დაიწყო.

და მაინც, რატომ არის ჯანმო ჩინეთზე ასეთი დამოკიდებული?

"ჯანმო-ს ახალი ლოგო, ჩინური იუანი საუბრობს," - ჩინელი ხელოვანის, პატიუცაოს კარიკატურა.
ფოტო: 巴丢草/Badiucao/Instagram

ჯანმო-ს დაარსებიდან ორგანიზაცია ორი ტიპის დაფინანსებას იღებს ქვეყნებისგან - საწევროს და მოხალისეობრივს. გასულ წლებში ჯანმო-ს შემოსავლის მთავარი წყარო მოხალისეობრივი დაფინანსება გახდა. 2015 წლიდან ქვეყნების საწევრო შენატანი მხოლოდ 3%-ით გაიზარდა, ხოლო მოხალისეობრივი დაფინანსება - 23%-ით (2015 წლიდან 3.8 მილიარდი აშშ დოლარიდან 4.7 მილიარდ აშშ დოლარამდე 2019 წლებში). ნებაყოფლობით შენატანზე დამოკიდებულებით ჯანმო, შესაძლოა, ინდივიდუალური ქვეყნების ან ორგანიზაციების გავლენის ქვეშ ექცევა. 2015 წლიდან ჩინეთის შენატანი 53%-ით გაიზარდა და 86 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ჩინეთმა ასევე ოდნავ გაზარდა ნებაყოფლობითი შენატანი - 2015 წელს 8.7 მლნ აშშ დოლარიდან 2019 წელს 10.2 მლნ აშშ დოლარამდე. თუმცა, ეს თანხა ახლოსაც ვერ მიდის აშშ-ის 419 მლნ აშშ დოლართან (2019 წელს). პეკინის ზრდადი შენატანის პარალელურად, იზრდებოდა მისი გავლენა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიც გაეროა, რომლის ერთერთი სააგენტოა ჯანმო. 

გასულ წელს აშშ-მა გაეროს ოპერაციულ ბიუჯეტში 670 მლნ აშშ დოლარი გაგზავნა, ხოლო ჩინეთმა - 370. თუმცა, ჩინეთი ახლა გაეროს მეორე ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. თუ 21 წლის წინ ორგანიზაციის წვლილი გაეროში 1% იყო, ახლა ეს მონაცემი 12%-ს აღწევს. ჩინეთი ასევე არის გაეროს სამშვიდობო ოპერაციების მეორე ყველაზე დიდი დამფინანსებელი. პეკინი ცდილობს, რომ გაერომ უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი მის ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივას "სარტყელი და გზა", რაც რეალურად განვითარებად ქვეყნებში ჩინეთის გავლენის ზრდის და მათი ვასალურ სახელმწიფოებად ქცევის საშუალებაა. ჩინეთი გაეროს 15 სააგენტოდან ოთხს ხელმძღვანელობს, სხვა ქვეყნები - მაქსიმუმ ერთს. ჩინეთმა ბოლო წლებში გაეროს უსაფრთხოების საბჭოში კუნთების თამაში დაიწყო, მხოლოდ გასულ 15 წელიწადში ჩინეთს 11 რეზოლუციისთვის ვეტო აქვს დადებული. 

ჩინეთი მსგავს ორგანიზაციებს მისი გლობალური გავლენის იარაღად აღიქვამს და ამ ყველაფრით ნაკლები ფულით მეტ გავლენას ყიდულობს. ამიტომ, ერთი შეხედვით ჩინეთი ჯანმო-ს მსგავსი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ქვეყნების კონტრიბუციაზე არიან დამოკიდებულნი, შესაძლოა, უფრო საიმედო პარტნიორი ჩანდეს.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ეროვნული კონგრესი. პეკინი.

რა ინტერესი აქვს ჩინეთს? პეკინი ლიბერალური სისტემის წესების გადაწერას ცდილობს. ათწლეულების განმავლობაში თავისუფალი სამყარო იმედოვნებდა, რომ ჩინეთის ეკონომიკური თავისუფლება პოლიტიკურ თავისუფლებას მოიტანდა, თუმცა ის უფრო მეტად კომუნისტური გახდა. გასულ წლებში ეკონომიკურად მზარდი ჩინეთი გლობალურ ამბიციებზე უკვე ღიად ალაპარაკდა. სი ძინფინგის განცხადებებიდან ნათელი გახდა, რომ ქვეყანა მხოლოდ ეკონომიკურ წინსვლას და სხვა ქვეყნებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას არ აპირებდა - "ჩინური ოცნება" ვერ ახდებოდა, თუ ჩინეთის ხედვით მშვიდობიან და სტაბილურ საერთაშორისო სისტემას ვერ შექმნიდნენ. 2017 წელს პარტიის მე-19 ეროვნული კონგრესის სხდომაზე სი ძინფინგის მოხსენებით ეს მოსაზრება გამყარდა - "ჩინეთი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს გლობალური სამმართველო სისტემის რეფორმასა და განვითარებაში".

აშშ-ის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის დაფინასების შემცირება

მაშინ, როდესაც ჩინეთი საერთაშორისო ორგანიზაციებში გავლენას ზრდის, ტრამპი აანონსებს, რომ არაერთ გლობალურ ორგანიზაციას, მათ შორის, გაეროს დაფინანსებას შეუმცირებს. 

2018 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ამერიკა დახმარების გაწევის კუთხით წამყვანი ქვეყანაა, თუმცა მას უკან ცოტა აძლევს. მან სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს დაავალა, შეაფასოს, რა მუშაობს და რა არა და ის ქვეყნები, რომელიც "აშშ-ის დოლარებს იღებენ" იცავენ თუ არა მის ინტერესებს. "ამიერიდან ჩვენ დახმარებას მხოლოდ მათ გავუწევთ, ვინც პატივს გვცემს," - თქვა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. 2018 წელი.
ფოტო: AP

აშშ პრიორიტეტს ანიჭებს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც მისი საგარეო პოლიტიკის ინტერესებს იცავენ და დაფინანსებას უმცირებს მათ, რომელთა დანიშნულებაც საეჭვოა ან მათი მუშაობა აშშ-ს ეროვნულ ინტერესებზე არ მოქმედებს. 

7 ათწლეულის განმავლობაში აშშ გაეროს უმსხვილესი კონტრიბუტორია. გაეროს 2018 წლის ბიუჯეტის დაახლოებით მეხუთედი (10 მილიარდი აშშ დოლარი) შეერთებულ შტატებზე მოდის, რაც აშშ-ის საგარეო დახმარების მეხუთედს წარმოადგენს. 

2017 წელს აშშ-მა გაეროს მიერ ისრაელის დედაქალაქის იერუსალიმად არაღიარების და ასევე არაეფექტურობის გამო, გაერო-ს დაფინანსება 285 მილიონი აშშ დოლარით შეუმცირა.

2018 წელს აშშ გაეროს ე. წ. ადამიანის უფლებათა საბჭოდან გამოვიდა, რომელიც ადამიანის უფლებათა ყველაზე უარეს დამრღვევებს მფარველობს, ისრაელის წინააღმდეგ მიკერძოებულია და ამასთან ერთად, საბჭოს შიგნით არც რეფორმები ტარდება. 

2017 წლიდან აშშ-მა გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) დაფინანსება სრულიად შეუწყვიტა, რადგან ორგანიზაცია მხარს უჭერდა ჩინეთში იძულებით აბორტს და უნებლიე სტერილიზაციას. 

2018 წელს ტრამპმა UNRWA-სთვის დაფინანსების დიდი ნაწილის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ყველა სხვა ქვეყნის დევნილების დახმარებაზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) არის პასუხისმგებელი, გამონაკლისი მხოლოდ UNRWA არის პალესტინებისთვის, როგორც ამას სააგენტო განმარტავს, "მოქალაქეობის დაუსრულებელი არქონის" გამო. ამავდროულად, UNRWA-ში სამჯერ მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე UNHCR-ში. ასევე, UNHCR დაახლოებით 17 მლნ ადამიანს ეხმარება, UNRWA კი - 5 მილიონს. აშშ UNRWA-სთვის ორჯერ ან სამჯერ მეტს იხდიდა, ვიდრე ყველა სხვა არაბული ქვეყანა ერთად. ამასთან ერთად, UNRWA-ს პალესტინელი ლტოლვილების თავისებური განმარტება აქვს და მათი უმეტესობა რეალურად არ არის ლტოლვილი. UNRWA ტერორისტულ ორგანიზაციასთან, ჰამასთან კავშირშიც არის შემჩნეული.

2021 წლის ბიუჯეტის შეთავაზებით, ტრამპს სურს, რომ გაეროს სამშვიდობო მისიებისთვის, სპეციალური სააგენტოებისა და ასევე გაეროს რეგულარული ბიუჯეტისთვის რამდენიმე ასეული მილიონი დოლარით შეამციროს დაფინანსება. აშშ ასევე აპირებს, რომ გაეროს ზოგი პროგრამისთვის მოხალისეობრივი დახმარება შეაჩეროს.

ამასთან ერთად, წლების განმავლობაში გაერო-ს ბიუჯეტზე აშშ შეშფოთებას გამოთქვამს - აშშ გაეროს ბიუჯეტის შედგენის მეტ გამჭვირვალობას სთხოვს, ასევე ფიქრობენ, რომ აშშ-ს ორგანიზაციაში ზედმეტად მეტი თანხის შეტანას ავალდებულებენ და მაშინ, როდესაც აშშ უმსხვილესი კონტრიბუტორია, ბიუჯეტის პროცესებზე მინიმალური გავლენა აქვს. შედარებისთვის, 1989 წლიდან სომალი გაეროს ბიუჯეტში თითქმის არაფერს დებს. 2018-2019 წლებში სომალის კონტრიბუცია 30 000 აშშ დოლარიც კი არ იყო. 

აშშ-სთვის არაპროპორციული დაფინანსების პრობლემა მხოლოდ გაეროში არ დგას. აღსანიშნავია, რომ ტრამპმა NATO-სთვის დაფინანსების შემცირება დააანონსა. ის სხვა წევრ ქვეყნებს კონტრიბუციის გაზრდისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით კი გერმანიას და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, რათა მათ თავდაცვის ბიუჯეტი NATO-ს მიერ განსაზღვრულ 2%-მდე გაზარდონ. 2019 წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ NATO-ში კონტრიბუციას 22%-დან 16%-მდე შეამცირებს.

გაეროს რომ დავუბრუნდეთ, ამჟამად აშშ ცდილობს, ორგანიზაციაში ჩინეთის და სხვა მსგავსი სახელმწიფოების "საზიანო გავლენა" შეამციროს, ამისთვის ცოტა ხნის წინ აშშ-მა სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, ამასთან ერთად აშშ-მა ჯანმო-ს ბორდზე კანდიდატურის წარდგენა დააანონსა.

ტედროს ადანომ გებრაიესუსი

ტედროს ადანომ გებრაიესუსის წინააღმდეგ ეთიოპიელების საპროტესტო აქცია. შვეიცარია. 2017 წელი.
ფოტო: REUTERS/P.Albouy

2017 წელს, როდესაც ჩინეთი გაეროს წამყვან პირებში მოკავშირეებს ეძებდა, ეთიოეპიელი ტედროს ადანომ გებრაიესუსის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩევა სწორედ ჩინეთის აქტიურმა მუშაობამ და მხარდაჭერამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ის ჯანმო-ს პირველი ხელმძღვანელია, რომელიც ექიმი არ არის. ჯანმო-ს ხელმძღვანელად კომუნისტური ჩინეთი ვერ ნახავდა უკეთეს კანდიდატს, ვიდრე მემარცხენე პოლიტიკოსს, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმების ლიდერებთან კავშირის ისტორია აქვს.

მისი პოლიტიკური წარსულიც ასეთია: ის ეთიოპიის კომუნისტურ პარტიას - ტიგრაის სახალხო გამათავისუფლებელ ფრონტს წარმოადგენდა, როდესაც ჯანდაცვის და შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ეთიოპიაში იმჟამინდელ მმართველ პარტიას ბრალს სდებდნენ ათასობით მოქალაქის იძულებით გადაადგილებაში, ასობით მომიტინგის მკვლელობაში, პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების დაპატიმრებასა და წამებაში. 

გებრაიესუსს ჩინეთის მხარდაჭერა არ დაუვიწყებია და ჯანმო-ს სათავეში მოსვლისთანავე ერთერთი პირველი რაც გააკეთა, არის ის, რომ ჩინეთს გარანტია მისცა - "ერთიანი ჩინეთის პრინციპის" პატივს სცემდა, რაც მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციაში ტაივანის მონაწილეობას გამორიცხავს.

2017 წელს მან შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ზიმბაბვეს ყოფილი დიქტატორი რობერტ მუგაბე მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩად დაასახელა. გებრაიესუსმა ზიმბაბვე "უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის" დანერგვისთვის შეაქო და განაცხადა, რომ მუგაბეს ამ მიმართულებით რეგიონის ქვეყნებისთვის კარგი მაგალითის მიცემა შეეძლო. საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, მუგაბე კეთილი ნების ელჩად აღარ აურჩევიათ. ჯერ კიდევ 2017 წელს ეჭვობდნენ, რომ ჯანმო-ს დირექტორის ეს ნაბიჯი ჩინეთისა და 50 აფრიკული სახელმწიფოსთვის, რომლებმაც გებრაიესუსს მხარი დაუჭირეს, მადლობის გადახდას ნიშნავდა. პეკინი მხარს უჭერდა მუგაბეს, მუგაბე კი ჩინეთს დაეხმარა და აფრიკელების წნეხი შეამცირა, რომლებიც ჩინეთს აფრიკის ბუნებრივი რესურსების კვლევისთვის აკრიტიკებდნენ. 2015 წელს მუგაბემ სი ძინფინგს "ღვთისგან გამოგზავნილი პიროვნება" უწოდა.

რობერტ მუგაბე და სი ძინფინგი
ფოტო: newsin.asia

გებრაიესუსის წარსულზე საუბრისას საგულისხმოა, რომ მიმდინარე ჯანმრთელობის კრიზისი პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მას ეპიდემიის ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ. მას ბრალს სდებდნენ ეთიოპიაში ჯანდაცვის მინისტრობის დროს ქოლერას სამი ეპიდემიის დამალვაში.

ჯანმო-ს დირექტორზე საუბრისას მისი წარმომავლობაც მნიშვნელოვანია. ჩინეთი ეთიოპიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, იქ თავისი "ჩეკის დიპლომატიის" პრინციპით სარგებლობს და დიდ ინვესტიციას დებს - ჩინეთმა ეთიოპიაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა, ჰიდროელექტროსადგურები, ცათამბჯენები ააშენა. ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკმა ეთიოპიისა და ჯიბუტის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობაში 2.9$ მილიარდი დოლარი ჩადო და ა.შ. ახლა ეთიოპია ცდილობს, გაზრდილ ჩინურ გავლენას შეეწინააღმდეგოს.

დასასრულს, ნათელია, რომ დღევანდელი ჯანმო რეალურად ჩინეთის ჯანმრთელობის ორგანიზაციაა, რომელმაც მის მთავარ დანიშნულებას გადაუხვია და საზოგადოების ინტერესის მსახურების ნაცვლად ავტორიტარულ, ჩინური კომუნისტური მოდელის მქონე რეჟიმს, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს, მიეკრო. ამ დანაშაულის ფასს მთელი მსოფლიო უკვე მეხუთე თვეა, იხდის და უცნობია, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ასე.

როგორც ჩანს, ახალი კორონავირუსის პანდემიამ თავისუფალი სამყარო ჩინეთის რეალურ საფრთხის შესახებ გამოაფხიზლა. აშშ-ში ანტიჩინური განწყობები ბოლო პერიოდში ყველაზე მაღალია. ჩინეთს უკვე ღიად ადანაშუალებენ ინფორმაციის დამალვაში, ჩახშობასა და სტატისტიკის გაყალბებაში. აშშ-ის მთავრობა ამჟამად ვირუსის წარმომავლობას იძიებს.

ჩინეთთან ერთად დასავლეთში ჯანმო-ს პასუხისმგებლობაც გამოიკვეთა - აშშ-მა ჯანმო-სთვის დაფინანსების შეწყვეტა უკვე დააანონსა. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ორგანიზაციამ სათანადოდ ვერ შეასრულა თავისი ფუნქციები და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მისივე თქმით, ორგანიზაციის მოქმედებებმა ხელი შეუწყო ჩინეთის დეზინფორმაციას ახალი კორონავირუსის შესახებ, რამაც დაავადების უფრო მასშტაბური ხასიათი განაპირობა. პარალელურად, ამჟამად ამერიკის კონგრესის საგარეო კომიტეტის სენატორები 60 ქვეყანას მოუწოდებენ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ტაივანს მხარდაჭერა გამოუცხადონ.

კომენტარები