რუსეთი

გაზზე ფასის შემცირების გამო გაზპრომმა წელს შესაძლოა $19 მილიარდი დაკარგოს

რუსეთის სახელმწიფო გაზის და ნავთობის კომპანია გაზპრომი მიმდინარე წელს ევროპაში ექსპორტის მოცულობის მნიშვნელოვან შემცირებას პროგნოზირებს. საკითხზე კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრ ივანიკოვმა ისაუბრა. 

2019 წელს გაზპრომმა ევროპაში ჯამურად 199 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაყიდა. 1,000 კუბურ მეტრ გაზზე საშუალო ფასმა 204 დოლარი შეადგინა, ხოლო გაყიდული გაზისგან მიღებული შემოსავალი 40 მილიარდ დოლარს აღემატებოდა.

თუმცა, უკვე 2020 წლის დასაწყისში კომპანიას საკვანძო მნიშვნელობის საექსპორტო ბაზარზე ერთდროულად რამდენიმე პრობლემა შეექმნა. ივანიკოვის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს ევროპიდან კომპანიის შემოსავალი 40 მილიარდიდან შესაძლოა 21 მილიარდ დოლარამდე შემცირდეს. 

პრობლემები რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. მათ შორის, ევროპაში ანომალიურად თბილი ზამთრით, რამაც პროდუქციაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა. ამის გარდა, წლის დასაწყისშივე ევროპის მიწისქვეშა გაზის საწყობები თითქმის სავსე იყო, რამაც უარყოფითად იმოქმედა ფასზე. უკვე თებერვალში ევროპული გაზის ჰაბებზე 1,000 კუბა მეტრის ფასი 100 დოლარამდე დაეცა. 

ფასების დაცემასთან ერთად, კომპანიამ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ჩადებულ საშუალო ფასს გადახედა და 200 დოლარიდან 175 დოლარამდე შეამცირა. ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა კორონავირუსის პანდემიის დაწყებასთან ერთად. 

საყოველთაო კარანტინისა და თვითიზოლაციის ფონზე გაზის ფასი 24 აპრილს 66 დოლარამდე დაეცა. შექმნილი მდგომარეობის გამო, გაზპრომში ვარაუდობენ, რომ წელს გაზის საშუალო წლიური ფასი 130 დოლარი იქნება, ხოლო ფასები აღდგენას შემოდგომაზე დაიწყებს. 

გამოწვევაზე საპასუხოდ, გაზპრომი წელს ინვესტიციების პროგრამის შემცირებას გეგმავს. საუბარია, ასევე, სხვადასხვა მიმდინარე ხარჯების შემცირებაზეც. 

ფასების ვარდნასთან ერთად, წინა კვირაში ცნობილი გახდა, რომ გაზპრომისთვის, რომელიც რუსეთიდან გაზის ექსპორტირების ექსკლუზიურ უფლებას ფლობს, ექსპორტირებაზე მომგებიანი, გაზის შიდა ბაზარზე გაყიდვაა. 

კომენტარები