ინფექციონისტი: მათემატიკური სიზუსტით უნდა გავთვალოთ, როდის რა შეზღუდვა დავაწესოთ

ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ კორონავირუსის დამარცხება მხოლოდ საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავებით ან ვაქცინით იქნება შესაძლებელი, მაგრამ ვინაიდან ვაქცინის შექმნას 12-დან 18 თვემდე სჭირდება, მის ფართოდ წარმოებას კი მეტი, აქცენტი ისევ იმუნიტეტზე უნდა გაკეთდეს.

ამასთან, მისი მიუხედავად იმისა, დავადაბლებთ თუ არ დავადაბლებთ მრუდს, არ შეიცვლება არც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა და არც გარდაცვლილთა რიცხვი (გარდა იმ შემთხვევისა თუ მოხდა ჯანდაცვის სისტემის სრული კოლაფსი).

კანდელაკისვე თქმით, ამოცანა უნდა იყოს, ინფიცირებულთა რიცხვი არც ძალიან ნელა გაიზარდოს, რათა დაჩქარებული ტემპებით გავიაროთ ვირუსი, და არც ძალიან სწრაფად, რათა ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს.

"მოსაზრება #1. უნდა დავადაბლოთ ეპიდემიოლოგიური მრუდი. კეთილი! იმისთვის, რომ გავიაზროთ ამ „მისტიკური“ მრუდის საიდუმლოებანი, უნდა გავერკვეთ შემდეგ საკითხებში: კონკრეტულად კორონავირუსის პანდემია გარდაუვლად დაასნებოვნებს მოსახლეობის დაახლოებით 60-70%-ს. ანუ სანამ არ იქნება მიღწეული ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტი (herd immunity) და ვირუსი არ შეწყვეტს პანდემიურ გავრცელებას.

ეს რეალობა შეიძლება შეიცვალოს, თუ იარსებებს ეფექტური ვაქცინა.

ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებით, კლინიკურად ხელმისაწვდომი ვაქცინა შეიძლება იყოს 12-18 თვეში. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ვაქცინა შეიძლება ვერ შეიქმნას (არსებობს ასეთი მოსაზრებებიც) ან არ იყოს მთლად ეფექტური (როგორიცაა მაგალითად გრიპის ვაქცინა 50-60% ეფექტურობით მხოლოდ).

ამასთანავე მასიურ წარმოებას დასჭირდება კიდევ მრავალი თვე. ასე რომ, ყველაზე ოპტიმისტურ ვარიანტში, ჩვენ შეიძლება შევაჩეროთ გავრცელება 12-18 თვეში და თუ რეალისტები ვიქნებით, 2 წელიწადში.

გავრცელების ტემპს და რამდენიმე სეროპრევალეტური კვლევის წინასწარ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, მანამდე გარდაუვლად მივაღწევთ პოპულაციურ იმუნიტეტს და ვაქცინა, მაღალი ალბათობით, არარელივანტურიც შეიძლება გახდეს, თუმცა, მოდით, ეს დაუზუსტებელი მოსაზრება დროებით გვერდზე გადავდოთ.

მანამდე კი კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დავადაბლებთ თუ არ დავადაბლებთ მრუდს, არ შეიცვლება არც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა და არც გარდაცვლილთა რიცხვი (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოხდა ჯანდაცვის სისტემის სრული კოლაფსი)!!! ამ საკითხს ხაზს ვუსვამ, რადგან ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს, არასწორად ჰგონია, რომ ეს ასეა, და რაც უფრო გამკაცრდება ღონისძიებები, მით მეტ ადამიანს გადავარჩენთ და ყოველი მოსაზრება რეგულაციების ლიბერალიზაციის კუთხით აღიქმება გენოციდის მცდელობად - კაცმა რომ თქვას, რა ქნას ხალხმა, ამას ეუბნებიან ყოველდღე ტელევიზორით.

ისმის კითხვა, მაშ რისთვის ვადაბლებთ მრუდს? მრუდის დადაბლებას, ბატონებო, აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, შევამციროთ პიკი (არა გავაქროთ, არამედ შევამციროთ), რომ ჯანდაცვის სისტემამ არ მიიღოს ძლიერი დარტყმა, რომელსაც ის ვერ გასწვდება. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ არც ძალიან ნელა გავრცელდეს ვირუსი (ეს შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენი ამოცანა ნაწილობრივ სწორად მართულად ეპიდემიის გავრცელებაა და არა მისი შეკავება - რაც შეუძლებელია), რომ შედარებით დაჩქარებულად გავიაროთ რთული პერიოდი და არც ძალიან სწრაფად - რომ არ ჩამოიქცეს ჯანდაცვის სისტემა. ეპიდემიოლოგიური ნავიგაცია ასეთ ვითარებაში არ გახლავთ რთული: ამკაცრებთ რეგულაციებს, როგორც კი ატყობთ, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატების რეზერვი მცირდება (სწორედ ეს განიხილება დღეს მთავარ ინდიკატორად ყველგან) და აღწევს წინასწარ განსაზღვრულ კრიტიკულ რაოდენობას, და არბილებთ შეზღუდვებს, როდესაც ხედავთ, რომ ვენტილატორების რესურსის მარაგი დიდია.

დღეს ჯანდაცვის სამინისტრო გვეუბნება, რომ ქვეყანაში გვაქვს 2000 ხელოვნური სუნთქვის აპარატი და აქედან 50-60% არის მხოლოდ დაკავებული. მაშასადამე გვაქვს 1000 ან ყველაზე ცუდი 800 ვენტილატორი მაინც. ხოდა ეხლა ისმის კითხვა: როდესაც სულ 5 თუ 10 კოვიდ-პაციენტი გყავს ვენტილატორზე მიერთებული, და მარაგად გვრჩება 995 თავისუფალი ვენტილატორი, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ის მკაცრი ღონისძიებებიც კი არ არის საკმარისი, რასაც დღეს ატარებთ, და გვემუქრებით, რომ შეიძლება სრული 24-საათიანი კომენდანტის საათის გამოცხადების რეკომენდაცია გასცეთ???

არადა, უმარტივესი გამოსათვლელი საკითხია:

კვლევებით დადასტურებულია, რომ ინფექციის კლინიკური ნიშნების გამოვლინებიდან საშუალოდ 2 კვირაში ხდება (მძიმე შემთხვევებში მხოლოდ, რა თქმა უნდა) ინტუბაცია. ხოლო მძიმე ჰოსპიტალიზირებული პაციენტების (არა იმათი, ვინც ეხლა წევს ძირითადად საავადმყოფოებში მსუბუქი ან საერთოდ უსიმპტომო დაავადებით - ასეთებია დღეს ჰოსპიტალიზირებულთა 90%, და ასეთებს არც ერთ ქვეყანაში საავადმყოფოში არ ტოვებენ ჩვენს გარდა - ეს ცალკე განსახილველი თემაა თუ რაში იხარჯება ბიუჯეტი) არამედ იმათი, ვინც ნამდვილად უნდა იწვეს საავადმყოფოში (ანუ ოქსიგენაციის პრობლემა აქვთ და მინიმუმ ჟანგბადი მაინც სჭირდებათ), ამათგან მხოლოდ 15-20% მომდევნო დღეებში ხვდება რეანიმაციაში. ხოლო რეანიმაციაში დაყოვნება კოვიდ-პაციენტებში (ანუ ვენტილატორის დაყოვნება პაციენტის ექსტუბაციამდე ან დაღუპვამდე) არის სხვადასხვა კვლევებით 2-3 კვირამდე. შესაბამისად უმარტივესი დასათვლელია თუ დღეში რამდენი ნამდვილად მძიმე (ნამდვილად მძიმე - ამას კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს!) პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გამოიწვევს რამდენი ვენტილატორის დაკავებას 2 კვირაში. სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი სამიზნე ციფრი და მათემატიკური სიზუსტით შეიძლება გავთვალოთ, როდის, რა ტიპის შეზღუდვებია დასაწესებელი (სხვათაშორის ეს შეზღუდვები ზუსტად 2-3 კვირაში იძლევა ეფექტს და ეს ეფექტიც დათვლადია, არსებობს ამის კალკულატორები).", - აცხადებს ინფექციონისტი.

20 აპრილის 00:00 საათის მონაცემებით, ახალი კორონავირუსი საქართველოში 402 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 95 გამოჯანმრთელდა, 4 - დაიღუპა.

მსოფლიოში Covid 19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 2,5 მილიონს მიაღწია.

კომენტარები