სოსო გაბრიაძე

რ2: მეზობლის თქმით, პოლიციელი, რომლის ბრმა ტყვიამ ქალი იმსხვერპლა, სახლიდან ადრეც ისროდა

მეზობლის თქმით, პოლიციელი სოსო გაბრიაძე, რომლის მიერ ნასვამ მდგომარეობაში ნასროლმა უმისამართო ტყვიამ 19 აპრილს ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, დღესასწაულებს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლით აღნიშნავდა.

გამონაკლისი არც ახალი წელი ყოფილა. რუსთავი 2-თან მოკლულის მეზობლად მცხოვრებმა ერთ-ერთმა კაცმა თქვა, რომ ახალ წელს ტყვია მის კონდინციონერსაც მოხვდა.

"გახეული დავინახე კონდინციონერი, მივხვდი, რომ ტყვია ჰქონდა მოხვედრილი დიდი ალბათობით. 9 მილიმეტრიანი. დიდი ალბათობა იყო იმისი, რომ სახლიდან იყო ნასროლი. ამას ვამტკიცებდი იმ დღესვე მეც. ეს არ იყო ვაჟადან ნასროლი. არ არსებობს", - თქვა მეზობელმა რ2-თან.

სოსო გაბრიაძე შსს-ის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომელია. მისი ბინა ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარეობს. მოკლული თამარ ანთელავა ვაჟა-ფშაველას გამზრიზე, მეტრო სამედიცინო ინსტიტუტის მოპირდაპირე მხარეს, მეექვსე სართულზე ცხოვრობდა.

მთავარმა პროკურატურამ დღეს, 20 აპრილს დაადასტურა, რომ ბრმა ტყვია, რომელსაც ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ნასვამმა პოლიციელმა აივნიდან გაისროლა - სოსო გაბრიაძემ სახლის აივნიდან უმისამართოდ ისროლა, გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ ქალს თავში მოხვდა. ის ოჯახის წევრების თვალწინ ადგილზევე დაიღუპა.

მეზობლებმა "ფორმულას" უთხრეს, რომ სროლის ხმა ფეიერვერკის ხმას ჰგავდა და "აშკარად ერთზე მეტი გასროლის ხმა იყო".

პოლიციელი დააკავეს და ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის (სსკ, 116-ე) მუხლით წარუდგინეს, რაც შინაპატიმრობას ან 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთელი დღის განმავლობაში მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ პრემიერმინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს.

კომენტარები