მიუსაფარი ძაღლები

მოხალისეები ითხოვენ, ცხოველების დასახმარებლად გადაადგილების უფლება მისცენ

მოხალისეები, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებს ეხმარებიან, ითხოვენ, გადაადგილების უფლება და ამისთვის სპეციალური საშვები მისცენ.

ორი საინიციატივო ჯგუფი - “მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის”, რომელიც თბილისში აგროვებს საკვებს და მთელი საქართველოს მასშტაბით ანაწილებს და “ერთგული მეგობრებისთვის” რომელიც ქუთაისში აერთიანებს მოხალისეებს და დასავლეთ საქართველოს ფარავს, თხოვნით მიმართავს შესაბამის ორგანოებს, რათა გამოიყოს სპეციალური საშვები მოხალისეებისთვის, რომლებიც ყოველ დღე შეძლებენ მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებას და მიუსაფარი ცხოველების გამოკვებას.

მათი თქმით, ახალი კორონავირუსის Covid-19-ის გავრცელებით გამოწვეულმა საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებამ, კონკრეტულად, მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვამ, კიდევ უფრო დაამძიმა მიუსაფარი ცხოველების გამოკვების პრობლემა. მთელი საქართველოს მასშტაბით მიუსაფარ ძაღლებსა და კატებს შიმშილი და სიცოცხლის მოსპობა ემუქრებათ. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა დაუსახლებელ პუნქტებსა და ქალაქების შემაერთებელ ავტომაგისტრალებზე.

საინიციატივო ჯგუფები დახმარებას ითხოვენ შესაბამისი ორგანოებისგან, რათა შემოწირულობითა და ქველმოქმედებით, მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვებიც გადაეცეთ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ავტომობილების გადაადგილება იკრძალება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება. 17 აპრილიდან ძალაში შედის სასაფლაოზე მისვლის აკრძალვაც.

კომენტარები