ევროპული საქართველო

ბოკერია: გადაივლის პანდემია და მოვა არჩევნები, დემოკრატიას ვერავინ გაწევს ბოლომდე გვერდით

გიგა ბოკერია
ტაბულა

გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლების კრიტიკაზე ევროპულ საქართველოს მორატორიუმი არც აქამდე ჰქონია გამოცხადებული და, შესაბამისად, არც ახლა იცვლება ამ კუთხით რამე. 

ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა მთავარი არხის ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, აპირებს თუ არა მისი პარტია კრიტიკაზე მორატორიუმის შეწყვეტას. 

როგორც ბოკერია განმარტავს, დღეს არსებული ვითარება მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის არის გამოწვევა და საფრთხე, ასეთ ვითარებაში კი ყველა პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციური ჯგუფი შესაბამისად იქცევა. დეპუტატის შეფასებით, შესაბამისად მოქცევა არ გულისხმობს ოპონირების შეჩერებას, რადგან დემოკრატიულ საზოგადეობაში სწორედ ასეთ დროსაა საჭირო ოპონირება და დისკუსია, ოღონდ განსხვავებული ტონითა და ფორმით. 

"ასეთ ვითარებაში, როგორი ხელისუფლებაც არ უნდა გყავდეს და სამწუხაროდ, გვყავს ისეთი, როგორიც გვყავს, მას იმ ფუნქციებში, რა ფუნქციებიც აქვს, ვერ შეეცილები, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი აზრი არ უნდა გამოიყენო ოპონირებისთვის. ეს არის ოპოზიციის როლი. 

ასეთ დროს ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და ასევე საფუძველი, რომ განსაკუთრებული ინსტრუმენტები მოითხოვოს, ოღონდ არა უპირობოდ. ასე რომ, ჩვენთვის არაფერი დამთავრებულა. თუ არ შესრულდება ის შეთანხმება, რომელიც შედგა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით და მონაწილეობით, მაშინ იქნება ის ვითარება, რაც იყო იქამდე. არ იქნება ეს პოლიტიკური ნორმალიზაცია," - ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, თუ შეთანხმება სრულად არ შესრულდება, რაც საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად, პოლიტიკური დევნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს, მაშინ ევროპული საქართველოსთვის არც საარჩევნო სისტემას აქვს მნიშვნელობა. 

"იმიტომ, რომ შეთანხმება იყო ერთიანი, ორნაწილიანი. ალბათ, ივანიშვილს აქვს ილუზია, რომ მინიმუმ, დრო გადადოს. პანდემიაა და ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ყველა ამაზეა ფოკუსირებული, მაგრამ ესეც არის პოლიტიკური სიბრიყვე. საქართველო და მსოფლიო ამ პანდემიას გადალახავს, დიდი იმედი მაქვს, როგორც მოქალაქეს, რომ ნაკლები დანაკარგით, და მოვა არჩევნების დრო. დემოკრატიას ვერავინ გაწევს ბოლომდე გვერდით.

უბრალოდ, უფრო დიდი ფასის გადახდა მოუწევს ჩვენს საზოგადოებას იმ რადიკალიზაციის ფონზე, საითაც ივანიშვილი წაიყვანს, თუ ამ შეთანხმებას არ შეასრულებს," - თქვა ბოკერიამ. 

პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის ფონზე საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, 13 აპრილს 20 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

ბრალდების ერთ - ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის - ნაწილში მოსამართლემ ოქრუაშვილი გაამართლა, თუმცა დამნაშავედ ცნო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული შეთანხმება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად, პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. 

კომენტარები