სახალხო დამცველი

ომბუდსმენი: პენიტენციური სამსახურის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ

სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური 21 იანვარს პარლამენტში ომბუდსმენის წარმომადგენლის ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევად ცნო და 1 000 ლარით დააჯარიმა. 

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მათ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნიდან "საგანგაშო ინფორმაცია" მიიღეს და ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასრულების შემდეგ პატიმრებთან შეხვედრის კონფიდეციალურობის უხეშად დარღვევის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. 

ომბუდსმენის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდებზე არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაციაა წარმოდგენილი. 

"პრესრელიზში საუბარი მხოლოდ იმ ნაწილებს მიემართება, სადაც სახელმწიფო ინსპექტორმა არ დაადგინა დარღვევა ან სადაც ხანდაზმულობის ვადების გასვლის გამო ვერ მოახერხა საკითხის შეფასება. ნახსენები არ არის ის საკითხები, სადაც სახელმწიფო ინსპექტორმა სამართალდამრღვევებად ცნო სამინისტრო, მისი ქვემდებარე უწყება - სპეციალური პენიტენციური სამსახური და ასევე მიიღო გადაწყვეტილება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის შემოწმების დაწყების თაობაზე,"- წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 

ამასთან, სახალხო დამცველის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებიდან მათთვის ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის 19 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულისა და N6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული პატიმრის შეხვედრის ვიდეო-ჩანაწერის დაარქივების (შენახვის) გადაწყვეტილება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა 2019 წლის 18 აპრილს, დაწესებულებაში ომბუდსმენის თანამშრომლის ვიზიტის წინა დღეს მიიღო. 

ომბუდსმენის განცხადებით, კონკრეტული პატიმრის განცხადება შეხვედრის თხოვნასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატში 2019 წლის 11 აპრილს შევიდა. 

"დაგეგმილი ვიზიტის თარიღის შესახებ ინფორმაცია კი აპარატის მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელს ჰქონდა. შესაბამისად, კითხვის ნიშნებს აჩენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება, რომელიც მან, სწორედ, დაგეგმილი ვიზიტის წინა დღეს გამოსცა და რომლის შესახებაც მას არანაირი კანონიერი გზით არ უნდა ჰქონოდა ინფორმაცია,"- წერს სახალხო დამცველი. 

ომბუდსმენის განცხადებით, თავის მხრივ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა სახალხო დამცველის რწმუნებულისა დ აპატიმრის შეხვედრის ჩაწერიც მოტივაციაც. განცხადების მიხედვით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ არსებობდა ვარაუდი, რომ კონკრეტულ პატიმარს სახალხო დამცველის რწმუნებულის მეშვეობით, სხვა პირებისთვის გადაცემის მიზნით, შესაძლოა, N6 დაწესებულებიდან ინფორმაციის წერილობით გაეტანა. 

სახალხო დამცველის განცხადებით, მოტივაციაში ასევე მითითებულია, რომ "აღნიშნული ვარაუდი ამ კონკრეტული შეხვედრის ფარგლებში არ გამოიკვეთა, თუმცა, ამ დრომდე არ მომხდარა ვიდეოჩანაწერის წაშლა და ის დღემდე ინახება სპეციალური პენიტენციური სამსახურის საამისოდ დაცულ ბაზაში, რადგან, სამომავლოდ შესაძლოა ჰქონდეს მსჯავრდებულის მიერ მითითებული ქმედების ჩადენის მცდელობას და გამოიკვეთოს ჩანაწერზე ასახული გარემოებების დადარების აუცილებლობა". 

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატისა და პატიმრის შეხვედრა სრულიად კონფიდენციალურია და მასზე რაიმე სახის მიყურადება და თვალთვალი აკრძალულია. მათივე განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ამ ქმედებამ გააჩინა განცდა, რომ ამ ერთი ფაქტის მიღმაც, სპეციალური პენიტენციური სამსახური უთვალთვალებს სახალხო დამცველის რწმუნებულებს, იწერს მათი და პატიმრების შეხვედრის ვიდეოებს და ჩანაწერებს განუსაზღვრელი ვადით ინახავს მაშინ, როდესაც არანაირ კანონიერდარღვევას ადგილი არ აქვს. 

ომბუდსმენის განცხადებით, აღსანიშნავია ისიც, რომ სახალხო დამცველის აპარატში არ ყოფილა შესული სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან ინფორმაცია ან/და მტკიცებულება იმის შესახებ, რომ აპარატის რომელიმე თანამშრომელიმე რომელიმე საკანონმდებლო მოთხოვნას არღვევდა. 

"ინსპექტორის მიერ ჩატარებული შემოწმებით დადასტურებული ფაქტი, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური ახორციელებს სახალხო დამცველის რწმუნებულებისა და პატიმრების შეხვედრების მეთვალყურეობას, კონტროლს, ჩაწერას, არღვევს როგორც შიდა ეროვნულ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო ნაკისრ ვალდებულებებს - წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმს, რომელიც ადგენს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციურ დამოუკიდებლობას, იმუნიტეტს და საქმიანობის დროს კონფიდენციალურობის პრინციპის დარღვევის დაუშვებლობას.

წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმი 5 ვალდებულებას აკისრებს ხელშემკვრელ მხარეებს, მათ შორის, საქართველოს - კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან და შესაბამისად, საქართველოში სახალხო დამცველთან.
მიუხედავად ამ ვალდებულებისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური
პენიტენციური სამსახური ჭრის კონსტრუქციული დიალოგის გზებს, მოწოდებულია სახალხო დამცველის აპარატის დისკრედიტაციისკენ და ამ მიზნით, არ ერიდება კანონსაწინააღმდეგო მოქმედებასაც კი.

სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებული დისკრედიტაციის მცდელობა შეიძლება
ისახავდეს მხოლოდ იმ მიზანს, რომ ეჭვქვეშ დადგეს აპარატის მანდატის ეფექტური
განხორციელება და ამით დახურულ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა უფლებებს
მიადგეთ პირდაპირი და უშუალო ზიანი.

ამ ეტაპზე მთელი მსოფლიო და საქართველო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაშია
ჩაბმული. ყოველდღიურად სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს დახურულ
დაწესებულებაში პატიმრების მონახულებას შესაბამისი პრევენციული აღჭურვილობითა
და უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვით, იმისთვის, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენი
მანდატის შეუფერხებელი განხორციელება და ადამიანის უფლებების დაცვა დახურულ
დაწესებულებებში. პარალელურად, სახალხო დამცველი დამატებითი რეაგირების გარეშე
არ დატოვებს სახელმწიფო ინსპექტორის შემოწმებით სახალხო დამცველის აპარატის
მიმართ გამოვლენილ პენიტენციური სამსახურის უკანონო ქმედებების ამსახველ ახალ
გარემოებებს და აუცილებლად მიმართავს შესაბამის საერთაშორისო ორგანოებს მკაცრი
ღონისძიებების გატარების მიზნით.

ამასთან, სახალხო დამცველი დააყენებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან
სახალხო დამცველის აპარატის მანდატის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის - პატიმრებთან
შეხვედრის კონფიდენციალურობის უხეშად დარღვევის გამო სპეციალური პენიტენციური
სამსახურის გენერალური დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს კორონავირუსით
გამოწვეული კრიზისული პერიოდის ჩავლის შემდეგ," - წერია განცხადებაში. 

იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური სახელმწიფო ინსპექტორმა გასულ კვირას დააჯარიმა. 

21 იანვარს სახალხო დამცველმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ციხეების მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა, რასაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც ესწრებოდა. 

ანგარიშის შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა იუსტიციის მინისტრისთვის. თეა წულუკიანმა დოკუმენტს "არაპროფესიონალური" უწოდა და სხდომაზე გაუშვა ვიდეო, რომელშიც, მისი თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლის დარღვევები ჩანს - ის პატიმრის მაგიდიდან ჭამს, ეწევა სიგარეტს, იყენებს საპირფარეშოს და ამასთან, დახეული ჯინსები აცვია.

წულუკიანის ამ ქმედებას მოჰყვა ქვეყანაში მოქმედი 10 ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, რომლის მიხედვით, იუსტიციის მინისტრმა უხეშად დაარღვია როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პრინციპები, ასევე, საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებები. NGO-ები მიიჩნევენ, რომ თეა წულუკიანის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს.

 

კომენტარები