კორონავირუსის გამო მსოფლიოში ავიაკომპანიების ზარალი $113 მილიარდს გაუტოლდება

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ავიაკომპანიების ჯამური ზარალი 113 მილიარდ დოლარს გაუტოლდება. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი. 

ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, ასოციაციაში თქვეს, რომ ზარალი 30 მილიარდი დოლარი იქნებოდა. IATA-ში ამბობენ, რომ ჯამური ზარალი 113 მილიარდს იმ შემთხვევაში გაუტოლდება, თუ ვირუსი უფრო ფართოდ გავრცელდება. ამ შემთხვევაში ავიაინდუსტრიის შემოსავალი 20%-ით შემცირდება და კომპანიები 2008 წლის ფინანსური კრიზისის იდენტურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. 

ასოციაციის წინა პროგნოზი, რომელიც თებერვლის ბოლოს გასაჯაროვდა, ძირითადად ჩინეთიდან და ჩინეთთან ახლოს დაკავშირებული ბაზრებიდან გამოწვეულ დანაკარგებზე ფოკუსირდებოდა. "ამ დროიდან ახალი კორონავირუსი 80 მეტ ქვეყანაში გავრცელდა და ყველა მიმართულებას შეეხო", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 24 იანვრიდან 27 თებერვლამდე მსოფლიოში 347,414 ფრენა გაუქმდა. დღეს, 6 მარტს კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა მსოფლიოში 100 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილია 3,300 ადამიანი.

ამ დროისთვის კორონავირუსის 9 შემთხვევა დადასტურდა საქართველოში.

კომენტარები