პრინცესა ჰაიას საქმე

ბრიტანეთის სასამართლომ დაასკვნა, რომ დუბაის შეიხმა 2 გაქცეული ქალიშვილი გაიტაცა, დაატყვევა

მუჰამედ ბინ რაში ალ-მაქთუმი და პრინცესა ჰაია
Reuters

დიდი ბრიტანეთის სასამართლოში დუბაის მმართველი, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქთუმისა და მისი ცოლის, პრინცესა ჰაია ბინთ ალ-ჰუსეინის სასამართლო დავა მიმდინარეობს.

მოწმეების მოსმენის შემდეგ სასამართლომ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც დუბაის მმართველმა მისი ორი ქალიშვილი გაიტაცა და დუბაიში დაბრუნება აიძულა.

პრინცესა შამსა საამიროებიდან 2000 წელს გაიქცა, თუმცა შემდეგ შეიხის აგენტებმა გაიტაცეს და დუბაიში იძულებით დააბრუნეს, სადაც ამ დრომდე ტყვეობაში რჩება. ბრიტანეთის პოლიციას მოთხოვნაზე, გასაუბრებოდნენ მას დუბაიში რათა მისი გატაცება გამოეძიებინათ, უარი უთხრეს.

შეიხა ლატიფამ დუბაიდან გაქცევა ორჯერ სცადა, 2002 და 2018 წლებში. პირველ შემთხვევაში ის მამის ბრძანებით დააკავეს და 3 წელი ტყვეობაში იყო. მეორე შემთხვევაში ის ინდოეთის სანაპიროდან გაიტაცეს და დუბაიში დააბრუნეს, სადაც ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ დაასკვნა, რომ მისი ბრალდებები ფიზიკური ძალადობის შესახებ, რაზეც საჯაროდ გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა, სარწმუნოა.

მოსამართლემ დაასკვნა, რომ შეიხი მუჰამედი აგრძელებს ახალგაზრდა ქალებისათვის თავისუფლების შეზღუდვას.

ლატიფა და შამსა შეიჰ მუჰამედს ალჟირელი ცოლის, ჰურია აჰმედ ლამარასგან ჰყავს.

პრინცესა ჰაიამ, შეიხ მუჰამედის მეექვსე ცოლმა, რომელიც ამჟამად მას უჩივის, დუბაიდან გაქცევის შემდეგ თქვა, რომ თავდაპირველად დაიჯერა მეუღლის განმარტება, რომ ორი გაქცეული პრინცესა მათივე უსაფრთხოებისათვის დააბრუნეს და გადაარჩინეს, თუმცა მალევე ამაში ეჭვი შეეპარა. ამის შემდეგ, მისი თქმით, შეიხ მუჰამედის აგენტებმა მისი დაშინება დაიწყეს და დაპატიმრებით დაემუქრნენ.

პრინცესა ჰაია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან გასულ წელს შვილებთან ერთად გაიქცა და ლონდონში იმყოფება. მას მიაჩნია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

შეიხმა მუჰამედმა მოითხოვა სასამართლო პროცესი საჯარო არ ყოფილიყო, თუმცა უარი უთხრეს.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მან განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ როგორც მთავრობის მეთაური, საგამოძიებო პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებდა და შესაბამისად ფაქტები, რომლებიც სასამართლოში წარმოადგინეს ცალმხრივია. მისივე თქმით ეს პირადი საქმეა და მედიას მოუწოდა პატივი სცეს მისი და მისი შვილების პირად ცხოვრებას.

პრინცესა ჰაია იორდანიაში დაიბადა და განათლება ბრიტანეთში მიიღო. ჰაია იორდანიის მმართველის, მეფე აბდულა მეორის ნახევარდაა. ის დუბაის შეიხის მეექვსე ცოლი 2004 წელს გახდა. 70 წლის შეიხს სხვადასხვა ცოლებისგან 23 შვილი ყავს, მათგან ჰაიასთან ორი არასრულწლოვანი შვილი. შეიხი მუჰამედი ჰაიას და შვილების დუბაიში დაბრუნებას ითხოვს.

2019 წლის მაისში მან თქვა, რომ შეიხი მუჰამედი დაექმურა და უთხრა "შენ და შენი შვილები ვერასდროს იქნებით უსაფრთხოდ ინგლისში", შემდეგ კი გამოაქვეყნა პოემა სათაურით "შენ იცხოვრე, შენ მოკვდი".

სასამართლომ დაადგინა, რომ შეიხი მუჰამედი მედია საშუალებებს იყენებდა პრინცესა ჰაიაზე ნეგარიური და ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად.

სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმნენ ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები.

კომენტარები