საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კორონავირუსთან საბრძოლველად $50 მილიარდი გამოყო

IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად 50 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო.

დახმარება იმ ქვეყნებს გადაეცემათ, სადაც კორონავირუსს ებრძვიან. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვირუსის გავრცელებამ უკვე უკან დაწია ეკონომიკის გლობალური ზრდა. მათი შეფასებით 2020 წელს ეკონომიკის ზრდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე ნელი იქნება.

ფინანსური დახმარება გათვლილია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე, სადაც სუსტი ჯანდაცვის სისტემაა.

პარალელურად, აშშ-ის წარმომადგენელთა ქვედა პალატამ კორონავირუსთან საბრძოლველად 8 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, გამოყოფილი თანხიდან 3 მილიარდი დოლარი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ექსპრეს ტესტების და თერაპიული საშუალებების შესაქმნელად დაიხარჯება, 1,2 მილიარდი დოლარი კი - კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად აშშ-ის საზღვრებს გარეთ. 1 მილიარდი დოლარი მედიკამენტების შეძენას, ხოლო 2 მილიარდი - პროფილაქტიკურ ზომებს მოხმარდება.

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 95 ათასს აღემატება, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 3284-ია.

კომენტარები