ევროპული საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

ტაბულა

ევროპული საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. 

მათი შეფასებით, ხელისუფლებამ კონკრეტული ღონისძიებები დაგვიანებით ჩაატარა.

ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, აუცილებელია, მებაჟეებისთვის შესაბამისი ეკიპირების შეძენა, რაზეც ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს. 

"ჩვენ ხელთ გვაქვს ივანე მაჭავარიანის 27 თებერვლის ბრძანება, რომლის საფუძველზეც შემოსავლების სამსახურმა მიმართა შესყიდვების სააგენტოს, რომ შეისყიდონ შესაბამისი სამედიცინო ეკიპირება მებაჟეებისთვის, რომელთა მოვალეობა არის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ყველა იმ ადამიანის შემოწმება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის და მიეკუთვნება მაღალ რისკჯგუფს, თავიანთი მოგზაურობის მარშუტის გამო," - თქვა მაჭავარიანმა. 

ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ისინი სრულ მზადყოფნაში არიან.

"ჩვენი ოპონენტების დესტრუქციული დღის წესრიგი არის მუდამ სავსე ისეთი წიაღსვლებით, რომელიც არსებული რეალობის საწინააღმდეგოა. ამ გამოწვევას, რომელიც მხოლოდ საქართველოს გამოწვევა არ არის, აუცილებლად გავუმკლავდებით და სათანადოდ ვუპასუხებთ. ჩვენ ვართ სრულ მზადყოფნაში,"- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადების სამი შემთხვევა დადასტურდა. ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 86 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,900-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა, 79000-ზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 53 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია დაახლოებით 6000 შემთხვევაზე, საიდანაც 86 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა. დაავადებულთაგან 42 576 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები