შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქუთაისში "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის გამო 1 პირი - 1948 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ. გ. დააკავეს. დაკავებულმა თურქეთში მცხოვრებ "კანონიერ ქურდებს" ფინანსური დავის თავისთვის სასარგებლოდ გადაწყვეტისთვის მიმართა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული, რომელმაც ბ.კ-სა და რ.ძ-ს მიმართა, ქუთაისში ერთ-ერთი რესტორნის თანამფლობელია. დაკავებულს ფინანსური დავა ბიზნესპარტნიორთან და კერძო მეწარმეებთან ჰქონდა.
"ქურდული გარჩევის შედეგად, „კანონიერმა ქურდებმა“ ფინანსური დავა პ.გ.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტეს. მის ბიზნესპარტნიორს კი რესტორნის ვალის - დაახლოებით, 200 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს",-წერია განცხადებაში.
პოლიციამ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად კომპიუტერული ტექნიკა და დაკავებულის მობილური ტელეფონები ამოიღო, რომელთა საშუალებითაც იგი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდა.
გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





