თბილისობა მინსკში

მინსკში საკრებულოს წევრებისა და ხელოვანების თბილისობაზე წაყვანა მერიას 70 ათასი დაუჯდა

თბილისის მერიის პრესსამსახური

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2019 წლის აგვისტოში თბილისის მერიამ ბიუჯეტიდან დაახლოებით 70 ათასი ლარი დახარჯა საკრებულოს წევრებისა და ხელოვანების მინსკში წასაყვანად, სადაც თბილისობა აღინიშნებოდა.

მინსკში გამართულ კულტურულ ღონისძიებებზე ხელოვანების წაყვანა 42 935 ლარი დაჯდა. ხელოვანებს შორის შედიოდნენ დათო გომართელი, გიორგი ფუტკარაძე, ჯგუფი მგზავრები, ბენდი ირაო, ანსამბლი შვიდკაცა და სხვები.

გარდა ხელოვანებისა, 24 332 ლარი დაიხარჯა მინსკში თბილისის საკრებულოს წევრების ვიზიტზე.

ვიზიტს აგრეთვე ესწრებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს მაშინდელი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. დელეგაციაში შედიოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე. იქ იმყოფებოდა საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძეც.

კომენტარები