აუდიტის სამსახურის ანგარიში

აუდიტი: ზუგდიდის მერიის მოხელეები მანქანებში ავზის მოცულობაზე ბევრად მეტ ბენზინს ასხამენ

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში მსუბუქ ავტომობილებზე 351,6 ტონა საწვავი დახარჯა, მათგან 188.5 ტონა, ანუ 54%-ი საჯარო მოხელეების პირად მანქანებზეა დახარჯული.

ანგარიშში წერია, რომ 2017-2018 წლებში მერი და გამგებელი საწვავს როგორც მუნიციპალიტეტის ანგარიშზე არსებული, ისე პირად საკუთრებაში არსებული ტრანსპორტისთვის ხარჯავდნენ. პირადი ტრანსპორტისთვის  დახარჯულია 2,9 ტონა საწვავი.

გარდა ამისა, აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ გამოვლინდა შემთხვევები, როცა ცალკეულ მანქანაზე ერთი დღის განმავლობაში, დროის მცირე ინტერვალში საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა აღემატება ავზის მოცულობას.

მაგალითად:

მანქანაზე სახელმწიფო ნომრით ZZ929UU, ავზის მოცულობა - 63 ლიტრი, 2017 წლის 11 ოქტომბერს, 19:00-დან 20:00 საათამდე შუალედში საწვავი ჩასხმულია 3-ჯერ, ჯამში 216.73 ლიტრი.

მანქანაზე, სახელმწიფო ნომრით ZZ818UU, ავზის მოცულობა - 58 ლიტრი, 2017 წლის 11 ოქტომბერს ავზი 5-წუთიანი შუალედით ორჯერ შეავსეს, ჯამში 72 ლიტრი.

იმავე დღეს, 2017 წლის 11 ოქტომბერს მანქანაში სახელმწიფო ნომრით ZZ808UU, ავზის მოცულობა - 70 ლიტრი, 16:53-დან 18:24-საათამდე შუალედში ჩაასხეს 126 ლიტრი ბენზინი.

იმავე მანქანისთვის 2018 წლის 31 იანვარს 12:18 საათზე გამოიყენეს 160 ლიტრი საწვავი;

აუდიტის სამსახური ასკვნის, რომ მუნიციპალიტეტის მოხელეებს არ გააჩნიათ რაციონალური მიდგომა საწვავის მოხმარებასთან დაკავშირებით, ასევე, არ არსებობს საწვავის გამოყენებაზე სათანადო კონტროლი, რის გამოც აგაი (ავტომანქანის გამართვისა და ავტომატური იდენტიფიცირების სისტემის) სისტემის გამოყენება არადანიშნულებისამებრ ხდება.

კომენტარები