ავსტრალიაში, გვალვით დაზარალებულ რეგიონში, 10 000 აქლემს დახოცავენ, რადგან ცხოველები წყლის ძიებით ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან.
რეგიონის ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ცხოველების დახოცვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურეს.
როგორც ცნობილია, აქლემებზე "ნადირობა" 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მათ დასახოცად ვერტმფრენებს გამოიყენებენ.
"ახლანდელი გვალვისა და შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით საჭიროა მათი რაოდენობის კონტროლი", - წერია ადგილობრივი მთავრობის განცხადებაში.
"ჩვენ სიცხესა და არაკომფორტულ სიტუაციაში ვართ, აქლემები გვინადგურებენ ღობეებს, სახლებთან მოდიან და წლის მოპოვებას კონდიციონერებიდან ცდილობენ", - ამბობს მარიტა ბეიკერი, რეგიონის ერთერთი ოფიციალური წარმომადგენელი.
სამხრეთ ავსტრალიის ეს რეგიონი მეჩხერად დასახლებული ადგილია. ტერიტორიაზე 2,300 ადამიანი ცხოვრობს.
ავსტრალიაში აქლემების რაოდენობა მილიონზე მეტია და მათი პოპულაცია სწრაფად იზრდება.
აქვე, ავსტრალია რამდენიმე თვეა მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. სექტემბრიდან დღემდე სტიქიას 23 ადამიანი ემსხვერპლა, 2000-მდე სახლი განადგურდა. დაიწვა მილიონობით ჰექტარი ტყის ფართობი.
განადგურდა 500 მილიონზე მეტი ცხოველი, მათ შორის კოალების პოპულაციის 30%-ზე მეტი.





