პრეზიდენტის შეწყალება

პრეზიდენტმა საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის გიორგი მამალაძე არ არის

სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.

"ვერ მივიღე არგუმენტი, რატომ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე" - თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, შეწყალებაზე უარის თქმის შემდეგი არგუმენტი "ქართული სახელმწიფოს ისტორიულ სპეციფიკას" ეფუძნება.

"ქართული სახელმწიფო განუყოფელია ეკლესიისგან, რომელიც მუდამ იყო მისი დამოუკიდებლობის გზის გამჭრელი. ეკლესიაზე შეტევა, მისი დისკრედიტაცია, ავტორიტეტის შელახვა უდრიდა და უდრის საქართველოს სახელმწიფობრიობის შესუსტებას, ამდენად, მასზე ნებისმიერი სახის შეტევა დაუშვებელია.

ჩემი, როგორც პირადი, როგორც პრეზიდენტის დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ, პიროვნებისა, რომელმაც სრულიად განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის, ეკლესიის აღორძინების და სულიერების აღდგენის უდიდეს საქმეში. ჩემთვის ცხადზე ცხადია, რომ როცა საქართველოს სახელმწიფო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი მყარი გადაწყვეტილებაა, მე არ მექნებოდა პასუხი იმაზე, თუ რა მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები და შემდეგი თაობა.

ალბათ იკითხავთ, რატომ არ გავითვალისწინე წმიდა სინოდის თხოვნა. ამაზე პასუხი ის გახლავთ, რომ შეწყალება ეკლესიის წიაღში, რომელიც არსებითად ქრისტიანულია და შეწყალება სახელმწიფოს მხრიდან, არსებითად განსხვავდება, სხვა შემთხვევაში კონსტიტუცია სწორედ ეკლესიას დაუტოვებდა ამ დისკრეციულ უფლებას. მსოფლიო მაგალითებიც კარგად გვიჩვენებს ამ განსხვავებას. იოანე პავლე მეორემ მასზე თავდამსმელს სულ რამდენიმე თვეში აპატია დანაშაული, თუმცა, იგი ციხიდან სწორედ პრეზიდენტის შეწყალებით მხოლოდ 19 წლის შემდეგ გაათავისუფლეს" - თქვა ზურაბიშვილმა.

გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმიდა სინოდმა ნოემბერში მიმართა. აღსანიშნავია, რომ 4 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ილია მეორეს იუბილე მიულოცა და სინოდის წევრებს შეხვდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

კომენტარები