ნარკოდანაშაული

შსს: 6 მლნ-ის ღირებულების ნარკოტიკი ამოვიღეთ და 6 პირი დავაკავეთ, აქედან 5 - უცხოელია (Video)

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს, 1 პირი კი - ამხილეს. შსს-ს ცნობით, მათ უპრეცედენტოდ მასშტაბური სქემა გამოავლინეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების ჩხრეკისას და სამალავებიდან ამოიღეს 21 კილოგრამამდე ფხვნილის სახით და 10 ლიტრამდე სითხის სახით ნარკოტიკული საშუალება - ალფა-პვპ. ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე 6 მილიონამდე ლარს შეადგენს. ასევე, თბილისსა და ბათუმში ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ლაბორატორიული ინვენტარი და სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერება.

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დაკავებულები არიან - საქართველოს მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული გ.რ; რუსეთის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული რ.ი; უკრაინის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული ნ.კ; ყირგიზეთის 3 მოქალაქე - 1997 წელს დაბადებული უ. შ, 1992 წელს დაბადებული ს. ბ, 2000 წელს დაბადებული დ. კ; ყაზახეთის მოქალაქეს -1974 წელს დაბადებულ ხ. ტ.-ს კი ბრალი წარუდგინეს.

"გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა.

დადგინდა, რომ ნარკორეალიზატორთა საერთაშორისო ორგანიზებული დაჯგუფება ინტერნეტ აპლიკაცია ტელეგრამში შექმნილი ჯგუფების გამოყენებით სომხეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და საქართველოში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, შეძენა-შენახვას და რეალიზაციას ახდენდა. ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების რეგიონალური მენეჯერი, უკრაინის მოქალაქე ნ.კ. ორგანიზაციისთვის შესაბამის კადრებს არჩევდა, შერჩეული კადრები საქართველოში ჩამოჰყავდა და მათ კოორდინაციას უწევდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ყირგიზეთის მოქალაქე დ.კ., თბილისში, აფრიკის დასახლებაში ხოლო საქართველოს მოქალაქე გ.რ. ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სპეციალურად მოწყობილ ნარკოლაბორატორიებში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებისა და პრეკურსორის შერევის შედეგად, ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს ამზადებდნენ და დამფასოებლებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე ათავსებდნენ. მათ უშუალო კავშირი ჰქონდათ თავის ხელმძღვანელებთან, რომლებსაც დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების განთავსების ადგილების ფოტოსურათებს და სამალავების კოორდინატებს უგზავნიდნენ.

რუსეთის მოქალაქე რ. ი-ს ფიქტიური ფირმის სახელზე საზღვარგარეთიდან იგზავნებოდა ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ნარკოლაბორატორიაში მომუშავე პირებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე ათავსებდა. მას უშუალო კავშირი ჰქონდა თავის ხელმძღვანელებთან, რომლებსაც ქიმიური ნივთიერებების განთავსების ადგილების ფოტოსურათებს და სამალავების კოორდინატებს უგზავნიდა.

გამოძიებით, ასევე, დადგენილია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ხ.ტ. ყირგიზეთის მოქალაქის - დ.კ.-ს მიერ ლაბორატორიაში დამზადებულ და სხვადასხვა ადგილას განთავსებულ ნარკოტიკული ნივთიერება ,,ალფა-პვპ“-ს იღებდა, აფასოებდა და დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მომუშავე კურიერებისთვის სხვადასხვა მისამართზე ათავსებდა.

ყირგიზეთის მოქალაქეები - უ.შ. და ა.ბ. ნარკოტიკულ ნივთიერება „ალფა-პვპ“-ს, რომელსაც ხ.ტ. სამალავებში ათავსებდა, მითითებული მისამართებიდან იღებდნენ, აფასოებდნენ და მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომ სხვადასხვა ადგილზე დებდნენ" - აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, ყველა ბრალდებული საკომუნიკაციო საშუალებად იყენებდა ინტერნეტ აპლიკაცია "ვიპოლს“, რომლის მეშვეობითაც კავშირი ჰქონდათ, როგორც უშუალო ხელმძღვანელებთან, ასევე საქართველოში მყოფ რეგიონალურ მენეჯერთან.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და 3-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 19-260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 266-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ბრალდების ნაწილი 6 წლამდე და 5-დან 8 წლამდე, ნაწილი კი - 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები