თბილისის მერია

მშრალ ხიდზე დასრულებული სამუშაოების შემდეგ, შესაძლოა, გზა თავიდან დააგონ

თბილისის მერის ინფორმაციით, მშრალ ხიდისა და ზაარბრიუკენის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ისეა შესრულებული, რომ "გულზე შემოგეყრებათ".

​ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

"რამდენიმე დღის წინ დამთავრდა გზის მოწყობითი სამუშაოები. ჩვენ ვიმყოფებოდით, დავათვალიერეთ სამუშაოები და ნუ, არ ვიცი, დღეს ისეთი დღეა, არ მინდა ჩხუბი და ამ თემაზე კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება, მაგრამ აი, გულზე შემოგეყრებათ, ისე არის სამუშაოები შესრულებული, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში. ​ სხვათაშორის, ჩვენი ლაბორატორიის თანამშრომლებმაც აღნიშნეს, რომლებიც მისულები იყვნენ უშუალოდ და ამოწმებდნენ სამუშაოებს, რომ ძალიან უხარისხოდ არის ყველაფერი გაკეთებული", - თქვა მან.

კალაძემ მოადგილეს დაავალა, "მშვიდად, ყოველგვარი აღელვების გარეშე" დღესვე დაიბარონ კომპანიის წარმომადგენლები და თავიანთი ხარჯებით გამოასწორებინონ ყველაფერი.

"დღესვე დაიბარეთ კომპანია და თავისივე ხარჯებით გამოასწორებინეთ ყველაფერი, ააფრეზინეთ ის, რაც დააგეს და თავიდან გააკეთონ ნორმალური საფარი, როგორც განვითარებულ ქალაქებაშია და დაექვემდებარონ იმ სტანდარტებს და მოთხოვნებს, რომლებიც არის დედაქალაქის მერიის მხრიდან", - აღნიშნა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამუშაოების შესრულება ხელახლა ხდება საჭირო - ასეთი შემთხვევა ქალაქის სხვადასხვა უბანში, სხვადასხვა ტიპის სამუშაოების დროს ყოფილა.

ზაარბრიუკენის მოედნისა და მშრალი ხიდის რეაბილიტაციის პროექტი თბილისის მერიამ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.

კომენტარები