And Then We Danced

"მივდივართ, გაგვიშვი, გაიწიე, გაიწიე და იქნებ გაიწიონ და შევიდეთ" - ფალავანდიშვილის გეგმა

ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერის გურამ ფალავანდიშვილის თქმით, მისი გეგმაა, "ძალადობის გარეშე, ხელის გარტყმის გარეშე" შესვლა კინოთეატრ ამირანში და კამერის გამორთვა. ფალავანდიშვილის აზრით, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება ძალადობაა.

"სამართალდამცველები არიან ბოროტმოქმედები, იმიტომ, რომ იცავენ ჩვენი შვილების გადაგვარებას და გარყვნილებას, მათ არ გავუსწორდებით, მაგრამ გვინდა, რომ გავწიოთ. ფიზიკურად არავის არ შევეხებით. გვინდა, რომ მშვიდობიანად შევიდეთ, "შტეპცელის" გამორთვა რა ძალადობაა? ფილმის გაშვებაა ძალადობა... ვნახოთ, როგორ განვახორციელებთ, რა ძალა გვეყოფა, შეიძლება დღეს ვერ შევძლოთ, ხვალ შევძლოთ" - ამბობს ფალავანდიშვილი და აღნიშნავს, რომ კინოჩვენების სამივე დღეს იქნებიან კინოთეატრებთან.

კითხვაზე, როცა ამდენი სამართალდამცველია მობილიზებული, როგორ აპირებენ კინოთეატრში შესვლას, ფალავანდიშვილი პასუხობს - " ჩვენ შიშველი ხელებუთ შევეცდებით ჩაშლას... მივდივართ, გაგვიშვი, გაგვიშვი, გაგვიშვი, გაიწიე, გაიწიე და იქნება გაიწიონ, იქნება შევიდეთ და გაიწიონ ისე, რომ არავის ხელი არ დავარტყათ და არც დავარტყამთ. თუ ჩვენ შევედით შიგნით, მაშინ ჩაშლილია ყველა ვარიანტში".

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენების ჩაშლას გურამ ფალავანდიშვილის გარდა, ლევან ვასაძე, სანდრო ბრეგაძე და სასულიერო პირების ნაწილი აპირებს. ლევან აკინის ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას "ყოვლად მიუღებლად" მიიჩნევს საქართველოს საპატრიარქოც.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქარტველოს კინოთეატრებში ჩვენების დროს დაიცავს, როგორც უსაფრთხოებას, ასევე, გამოხატვის თავისუფლებას.

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

კომენტარები