დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმე

ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე: როცა საჭირო იქნება, ყველაფერს გაიგებთ

როცა საჭირო იქნება, ყველაფერს გაიგებთ - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას. 

სალომე ზურაბიშვილი სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას ესწრება, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აღავლენს. პატრიარქი 27 ოქტომბერს საკვირაო წირვას გაციების გამო ვერ დაესწრო.

...........

შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის სხდომაზე წმიდა სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართოს. სინოდის სხდომის მდივნის, მეუფე დანიელის თქმით, მიზეზი დეკანოზის "ჯანმრთელობისა და ოჯახის რთული მდგომარეობაა". 

2 ნოემბერს განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სადაც ეწერა, რომ შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა. ამავე დღეს საპატრიარქოს იურისტმა თქვა, რომ სინოდის წევრებს პრეზიდენტისთვის ჯერ ოფიციალური შუამდგომლობით არ მიუმართავთ. 

პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ მან შეწყალების ფარგლებში მკვლელობაში ბრალდებულები და პროკურატურის მიერ წლების განმავლობაში ძებნილი პირები შეიწყალა. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 5 სექტემბერს ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მამალაძის ოჯახი, ასევე მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მის შეწყალებას წელიწადზე მეტია, ითხოვს. პეტრე ცაავა საპატრიარქოს სწორედ მამალაძის საკითხზე დაუპირისპირდა.

კომენტარები