სასულიერო პირები

61 წლის კაცის თქმით, მღვდელმა და სტიქაროსანმა მანქანაში ჩაისვეს და სცემეს

მთავარი არხი

61 წლის გია გოგოშვილი ამბობს, რომ კახეთში, სოფელ ზემო ბოდბეში, ადგილობრივი სასულიერო პირი თავს დაესხა და სცემა.

მთავარ არხთან ინტერვიუში კაცი ჰყვება, რომ უთანხმოება საძოვრების თემაზე მოხვდა, რის შემდეგაც მღვდელმა და სტიქაროსანმა მანქანაში ჩაისვეს და სცემეს.

"გადააყენეს მანქანა, გადმოხტნენ და დამიწყეს ცემა-ტყეპა. არაფხიზელ მდგომარეობაში რომ იყვნენ, ეგ სუნით და საქციელით შევნიშნე, მაგრამ მე მგონი უფრო უარეს მდგომარეობაში იყვნენ. რაღაცას წამოვედე და წავიქეცი, მომცვივდნენ ძაღლებივით. წაქცეულს მირტყამდნენ. ხელები მტაცა და გამიკრა უკან, მამაო გამოქანდა და რაღაცა ჩამარტყა, არ ვიცი ქვა იყო თუ რა", - ამბობს გოგოშვილი მთავარ არხთან.

ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მთავარ არხთან ადასტურებენ, რომ გოგოშვილს დაზიანებები ჰქონდა, ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს და უკვე გაწერილია კლინიკიდან.

"მარცხენა თვალბუდის არეში აღენიშნებოდა ჰემატომა და დაჟეჟილი ჭრილობა მარცხენა ქვედა ქუთუთოს არეში. ჩაუტარდა ქირურგიული დამუშავება, ნევროპათოლოგის კონსულტაცია, ოფთალმოლოგის კონსულტაცია. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - ამბობს არქიმედეს კლინიკის ექიმი, ნანა თამაზაშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. უწყებაში არ აკონკრეტებენ არის თუ არა თავდამსხმელი სასულიერო პირი და დაკავებულია თუ არა ვინმე. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები