იაროსლავ სუმბაევის საქმე

ჩუგოშვილი სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემაზე: ძალიან პრობლემური და სადავო საკითხია

თამარ ჩუგოშვილი
საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი, პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან რუსეთისთვის ბრალდებული იაროსლავ სუმბაევის გადაცემის საკითხს "პრობლემურსა და სადავოს" უწოდებს. 

ამის შესახებ ჩუგოშვილმა პალიტრანიუსის ეთერში, გადაცემაში პოლიტ-ქალაქი ისაუბრა, სადაც წამყვანმა მას ჰკითხა, იუსტიციის მინისტრი რომ თვითონ ყოფილიყო, მიიღებდა თუ არა იმავე გადაწყვეტილებას. 

"არ ვიცი, რომ ვიყო იმ პოზიციაში... არ ვიცი, რა არგუმენტები გამოიტანა ქალბატონმა თეამ [წულუკიანი], მაგრამ გეთანხმებით იმაში, რომ პრობლემური საკითხია,"- თქვა ჩუგოშვილმა. 

იაროსლავ სუმბაევს საექსტრადიციო პატიმრობა 22 ოქტომბერს შეუფარდეს და 24 ოქტომბერს ის წულუკიანის უწყებამ რუსეთს გადასცა. სუმაბევს რუსეთი ბრალს მოსკოვის რეგიონის გამომძიებლის, ევგენია შიშკინას, მკვლელობასა და კიბერთაღლითობასა და დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურობაში სდებს. 

28 წლის IT სპეციალისტი რუსეთის ციხეში დიდი ალბათობით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდება. 

იაროსლავ სუმბაევი პირველი პატიმარი არ არის, რომელიც საქართველომ რუსეთს გადასცა. 19 სექტემბერს იუსტიციის სამინისტრომ რუსეთს ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე რამზან ახიადოვიც გადასცა. 

Amnesty International-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა. აღურიცხავთ წამებისა და არასათანადო მოპყრობის არაერთი შემთხვევა. ზოგჯერ, პატიმრების გადაყვანისას ისინი დროებით უჩინარდებოდნენ და ოჯახის წევრებს მათი ადგილსამყოფელის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. მსგავსი არასათანადო მოპყრობისა და წამების შემთხვევები ხდება ჩეჩნეთშიც.

კომენტარები