მუმლაძის მკვლელობა

გომელაური: თანამშრომლის ყველა გადაცდომაზე მინისტრი რომ გადადგეს, შეიძლება, ყოველთვე მოუწიოთ

საქართველოს მთავრობა

"მე მყავს 43 000 თანამშრომელი და ყველა გადაცდომაზე მინისტრები რომ გადადგნენ, შეიძლება, ყოველთვე შეიცვალოს და ნორმალური იქნება?!" - შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე საუბრობს. ამ საქმეზე პოლიციამ 5 პირი დააკავა და მათ შორის ორი პოლიციელია. გამოძიების ინფორმაციით, პოლიციის ორმა მოქმედმა და ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა 35 წლის დავით მუმლაძეს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ჩაიყვანეს რუსთავში და სხვა პირებს გადასცეს, რომლებმაც კაცი მოკლეს.

მინისტრი ამბობს, რომ ბრალდებული სამართალდამცველების ხელმძღვანელები სამსახურიდან არ არიან გათავისუფლებულები და მათი გაშვების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს. 

"მე ვარ უშუალო ხელმძღვანელი და უნდა გადავდგე? მე მყავს 43 000 თანამშრომელი და ყველა გადაცდომაზე მინისტრები რომ გადადგნენ, შეიძლება მინისტრს ყოველ თვე მოუწიოს გადადგომა და ეს ნორმალური იქნება?" - კითხულობს შს მინისტრი.

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. მას სხეულზე ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. 

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე შსს-მ 7 ოქტომბერს 5 პირი დააკავა, მათ შორის მოქმედი და ყოფილი პოლიციელები.  ყველა დაკავებულს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები