ილია ჯიშკარიანის საქმე

"ჩემი ხსენებით უნდათ ცნობადები გახდნენ" - კუბლაშვილი ადვოკატთა ასოციაციის წევრის კრიტიკაზე

ტაბულა

მარიამ კუბლაშვილი ადვოკატთა ასოციაციის წევრს, ვასილ მამულაშვილს, ეხმაურება, რომელმაც კუბლაშვილი იმის გამო გააკრიტიკა, რომ სატელევიზიო დებატებში გამოიწვია თამთა თოდაძე, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფ ილია ჯიშკარიანს სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. 

კუბლაშვილი ამბობს, რომ მამულაშვილის ამ განცხადების გამო მან უკვე მიმართა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას. 

"ძალიან არასერიოზულია ეგ განცხადება და მიმართულია საკუთარი პიარის და რეკლამის გაკეთებისკენ. ანუ ამ ადამიანებს უნდათ, რომ მაქსიმალურად ცნობადები გახდნენ ჩემი სახელის ხსენებით. მე უკვე მივმართე მაგათზე ეთიკის კომისიას, გუშინ შევიტანე განცხადება. მიიღებენ ეგენი პასუხს აუცილებლად გაეცემათ პასუხი კანონით და წესით და რიგით,"- უთხრა კუბლაშვილმა რუსთავი 2-ს სატელეფონო კომენტარში. 

ადვოკატთა ასოციაციის წევრმა, ვასილ მამულაშვილმა, მარიამ კუბლაშვილი თავდაპირველად 15 ოქტომბერს გააკრიტიკა, 16 ოქტომბერს კი ამ საკითხზე პრესკონფერენციაც გამართა. მამულაშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ მისი აზრით, კუბლაშვილი მიზანმიმართულად ცდილობს ადვოკატთა როლის დაკნინებასა და ადვოკატთა კორპუსის დისკრედიტაციას. მან ასევე ადვოკატთა ასოციაციას რეაგირებისკენაც მოუწოდა

14 ოქტომბერს მარიამ კუბლაშვილმა სატელევიზიო დებატებში გამოიწვია თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. კუბლაშვილმა მთავარ არხსა და ერთერთ წამყვან ნიკა გვარამაის ეთერის დათმობა საჯაროდ სთხოვა. ადვოკატი გვარამიასგან ასევე ითხოვს, რომ მას მიეცეს საშუალება, "ამომწურავი კითხვები" დაუსვას თამთა თოდაძეს, რომელიც პროკურატურამ ამ საქმეში დაზარალებულად ცნო. 

ილია ჯიშკარიანი თანაშემწე თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ 4 ოქტომბერს დაადანაშაულა. ინციდენტი 30 სექტემბერს მოხდა და თოდაძემ სამართალდამცველებს იმ დღესვე მიმართა. 

11 ოქტომბერს ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. ჯიშკარიანს ასევე აეკრძალა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეში არსებულ მოწმეებთან კონტაქტი. 

დაცვის მხარის მოთხოვნით, განხილვა სასამართლოს ნაცვლად კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარდა. მას შემდეგ, რაც თოდაძემ შესაძლო ძალადობაზე საჯაროდ, ტელევიზიის საშუალებით ისაუბრა, ჯიშკარიანმა მედიასთან თქვა, რომ ის კლინიკაში მკურნალობს. 

პროკურატურის მიერ დაყენებულ აღკვეთის ღონისძიების სახეს დაზარალებულის მხარე არ იზიარებდა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ, მას შეუძლია, საქმის სრულყოფილ გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს. 

ამასთან, უფლებადამცველი ბაია პატარაია ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომლითაც ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასტურდება. უფლებადამცველები პროკურატურისგან შესაბამის ახსნა-განმარტებას მოითხოვენ. 

კომენტარები