საქართველო-სომხეთი

სომეხი ჟურნალისტების თქმით, საქართველოში "არასასურველი საქმიანობის" მიზეზით არ შემოუშვეს

newcaucasus

სომხური გამოცემის, Epress.com-ის ჟურნალისტები ამბობენ, რომ ნინოწმინდა-ბავრას გამშვებ პუნქტზე 11 ოქტომბერს მესაზღვრეებმა მათ საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს. იური მანველიანს, ტიგრან ხაჩატარიანსა და ტიგრან აკოფიანს მიზეზად "არასასურველი საქმიანობა" და "სიტუაციის შეცვლა" დაუსახელეს.  

სომხური გამოცემა Epress.am წერს, რომ მას შემდეგ, რაც მესაზღვრეებმა ხაჩატარიანის, აკოპიანისა და მანველიანის პროფესიის შესახებ შეიტყვეს, ისინი განცალკევებით ოთახში გაიყვანეს, სადაც 4 საათით გააჩერეს. მათი ინფორმაციით, მესაზღვრეებს რამდენჯერმე აუხსნეს, რომ ახალქალაქში, ახალციხესა და თბილისში მიდიოდნენ, რათა ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაეწერათ.  

როგორც სომხური მედია წერს, ახსნის მიუხედავად, მესაზღვრეები მათ აკრედიტაციას სთხოვდნენ, რომელიც წარსულში, მათი თქმით, არ დასჭირვებიათ. "სიტუაცია შეიცვალა,"-ჟურნალისტების თქმით, ეს პასუხი მიიღეს მესაზღვრეებისგან. 

როგორც მანველიანი, ხაჩატარიანი და აკოპიანი ამბობენ, მესაზღვრეებმა მათ განუმარტეს, რომ საზღვარზე მიკროფონებს, კომპიუტერებსა და კამერებს ვერ გადაიტანდნენ. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ტექნიკა დატოვეს და კვლავ მიბრუნდნენ, მათი ინფორმაციით, საქართველოში ისევ არ შეუშვეს. მიზეზად აგრესიულად უთხრეს, რომ მათი საქმიანობა "არასასურველია, საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობის შესრულება ეკრძალებათ" და ქვეყანაში ვერ შევიდოდნენ.  

"ტაბულა" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები