ილია ჯიშკარიანი

ილია ჯიშკარიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, რომელსაც თანაშემწე სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. 

ამასთან, პროკურატურის ცნობით, მას თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე მოწმეებთან კონტაქტი აეკრძალა. 

პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

დაცვის მხარის მოთხოვნით, განხილვა სასამართლოს ნაცვლად კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარდა. მას შემდეგ, რაც თოდაძემ შესაძლო ძალადობაზე საჯაროდ, ტელევიზიის საშუალებით ისაუბრა, ჯიშკარიანმა მედიასთან თქვა, რომ ის კლინიკაში მკურნალობს. 

პროკურატურის მიერ დაყენებულ აღკვეთის ღონისძიების სახეს დაზარალებულის მხარე არ იზიარებდა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ, მას შეუძლია, საქმის სრულყოფილ გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს. 

ამასთან, უფლებადამცველი ბაია პატარაია ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომლითაც ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასტურდება. უფლებადამცველები პროკურატურისგან შესაბამის ახსნა-განმარტებას მოითხოვენ. 

კომენტარები