არჩევნები 2020

ბოკერია: ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, ვინ არ ჰპირდება, რომ ქვეყანას უფსკრულში არ გადაჩეხავს

გიგა ბოკერია
ტაბულა

გიგა ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველოს ინიციატივის მიზანი ამომრჩევლის ინფორმირება, ასევე ოპოზიციის შიგნით დისკუსია იყო. 

პარტიის ინიციატივა გულისხმობს ყველა პროდასავლური ძალისთვის მოწოდებას, არჩევნებამდე ღიად ეთქვათ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და ივანიშვილს მთავრობის დაკომპლექტებაში არ დაეხმარებიან. 

ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველო და მათი პარტნიორი პარტია, თავისუფალი დემოკრატები თვლიდნენ და თვლიან, რომ პარტიებმა "ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე უნდა გამოხატონ. და არა არჩევნების შემდეგ". ამის მიზეზი კი შემდეგია: 

"ჩვენი პოზიცია არის მარტივი. 

პირველი: ჩვენ, ევროპულ საქართველო და ჩვენი პარტნიორები, თავისუფალ დემოკრატები ვთვლით, რომ ეროვნული ამოცანაა, ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის და პროპუტინული ძალების მთავრობა ვეღარ შედგეს.  იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ქვეყანა ამ გუნდმა უფსკრულის პირას მიიყვანა. გუნდში ვგულისხმობ პირდაპირ ოცნებას, ასევე შედიან ინაშვილები, კვიციანები, გახარიები, წულუკიანები. ნებისმიერ შემთხვევაში, კიდევ 4 წლით ამ გუნდის ხელისუფლებაში წარმოდგენა არის კატასტროფა საქართველოსთვის და მართლაც, არა პარტიული, არამედ ეროვნული ამოცანაა, რომ ამას მშვიდობიანად, არჩევნების გზით წერტილი დავუსვათ.

და მეორე საკითხია მნიშვნელოვანი, რაც კავშირშია პირველთან, ეს არის ამომრჩევლის წინაშე და მისი ინფორმირება. ამომრჩევლებმა უნდა იცოდნენ, ვინ რას აპირებს ამ ფუნდამენტურ საკითხზე.

მე მოვისმინე ჩვენი კრიტიკა, რაც ნორმალურია. ტალახის სროლა და აბსოლუტურად ბინძური თავდასხმები, რაც არანორმალურია, სამწუხაროდ, მათ შორის, ძალა ერთობაშიას კოალიციის წარმომადგენლებისგან და დღესაც ბატონი ელისაშვილი ძალიან ბინძურად დაგვესხა თავს, მათ შორის გიგი უგულავას.

მე მესმის, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური სიძულვილი თვალებს უბნელებს ხოლმე. ვწუხვარ, რომ ასეთები არიან, მაგრამ ამოცანა ეს დისკუსია არ არის. ამოცანაა, რომ ამომრჩევლებმა იცოდნენ, ვინ რას აპირებს ამ საკითხზე", - თქვა ბოკერიამ. 

მან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პოზიციებიც შეაფასა, რომელიც მათ ევროპული საქართველოს მოწოდების შემდეგ გამოთქვეს. 

"მე ძალიან ვწუხვარ, რომ არც თუ ისე მსხვილ, მაგრამ გამორჩულ ჯგუფს, როგორიც არის გირჩი, აქვს ის პოზიცია, რაც აქვს. მაგრამ ეს მათი უფლებაა. მაგრამ ასევე, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, როცა ის ხმას აძლევს ელისაშვილს ან გირჩს, ეს ხმა შეიძლება აღმოჩნდეს ივანიშვილის კოალიციაში. აქვს თუ არა მათ ამით უფლება, ვიმეორებ, აქვთ, მაგრამ ამომრჩეველს აქვს უფლება, იცოდეს ეს წინასწარ. ამიტომ მე არ მესმის, რატომ მიიღეს ეს თავდასხმად ამ ეტაპზე. თავდასხმას დავიწყებ მერე, როცა ამომრჩეველს დაველაპარაკები, რატომ არ ღირს ხმის მიცემა არა მხოლოდ ივანიშვილის გუნდისთვის, ან პროპუტინული ძალებისთვის, ან ბურჯანაძისთვის, არამედ იმათთვისაც, ვინც ამ საკითხზე ამომრჩეველს არ ჰპირდება, რომ ქვეყანას უფსკრულისკენ არ გადაჩეხავს ბოლომდე ივანიშვილის მეთაურობით", - თქვა ევსაქების ლიდერმა. 

ბოკერიამ ხაზი გაუსვა იმასაც, თუ როგორ ცდილობს მმართველი გუნდი, ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი "ერთ ქვაბში მოხარშოს" და მათ შორის განსხვავებები წაშალოს. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ფიქრობს, რომ რეალურად ოპოზიცია მრავალფეროვანია და აუცილებელია, ეს ამომრჩეველმაც კარგად იცოდეს. 

"დისკუსია ოპოზიციის შიგნით აბსოლუტურად ნორმალური რამეა და ჩვენ ამ საარჩევნო კამპანიის დროს მწვავედ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რა განსხვავებებიც არსებობს ჩვენ შორის. 

ეს ჩვენ გვჭირდება ამომრჩევლის ინფორმირებისთვის და ასევე, ივანიშვილის და პროპუტინული ძალების დამარცხებისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის და მისი გუნდის ინტერესია და ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღე, ეს მათ პროპაგანდაშიც ჩანს, რომ ერთ ქვაბში მოხარშოს ყველა, ამაში იგულისხმება სააკაშვილის გვარის გამოყენება. 

ამომრჩევლები სხვადასხვანაირები არიან. ზოგს არ მოსწონს ევროპული საქართველო და მოსწონს სხვა და პირიქით. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ეს ძალა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი მაქსიმალურად და არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში ან კიდევ უფრო უარესი, რაც მოხდა მეორე ტურში ნაწილობრივ, არალეგიტიმური და ძალადობრივი მეთოდების გამოყენებასთან ერთად, ვიღაცის არმოწონების გამო ისეთ სამარცხვინო კანდიდატს, როგორიც ქალბატონი ზურაბიშვილი იყო, მხარი დაუჭირეს და ჩვენ ყოველდღე ვიმკით ამის შედეგებს", - თქვა ბოკერიამ. 

კომენტარები