მამუკა ბახტაძე.

მამუკა ბახტაძის მემკვიდრეობა

გუშინ, 2 სექტემბერს თანამდებობიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე. ამის შესახებ საქართველოს მოსახლეობამ პრემიერის ფეისბუკ პოსტიდან გაიგო. მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2018 წლის 20 ივნისდან იკავებდა. ქართული ოცნების პირობებში პრემიერის თანამდებობას უფრო ცოტა ხანი მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილი იკავებდა.

არც თუ ხანგრძლივი მმართველობის მიუხედავად, მამუკა ბახტაძის არაერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება უკავშირდება. წლისა და არასრული სამი თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების რეალობა საგრძნობლად შეიცვლა განსაკუთრებით, ეკონომიკური რეალობა.

ბანკების დამუხრუჭება

"საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას", — ეს კომენტარი ბახტაძემ, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის რანგში გააკეთა.

მამუკა ბახტაძის გაპრემიერების შემდეგ, ბანკების მიმართ ახალი რეგულაციების ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში უფრო მწვავედ დადგა. მთავრობისა და ეროვნული ბანკის ინიციატივით, დაწესდა პასუხისმეგბლიანი დაკრედიტების სისტემა. ბანკებს აეკრძალათ ნებისმიერი ტიპის კრედიტის გაცემა გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე. შეიზღუდა სესხის გაცემა, თვითდასაქმებულ პირებზე. ამ რეგულაციების შედეგი, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში შემცირებული გაყიდვები, დახურული მაღაზიები, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები და დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესია.

კიდევ უფრო მასშტაბური რეგულაციები ამოქმედდა 2019 წლის პირველი იანვრიდან. თავდაპირველად ეს რეგულაციები პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა. არაერთი პოლიტიკოსი რეგულაციების გადავადებას საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის წარუმატებლობას უკავშირებდა.

ახალი რეგულაციებით განისაზღვრა სესხების ახალი კოეფიციენტიები, თუ რამდენის გადახდა შეუძლია საკუთარი შემოსავლიდან მოქალაქეს სესხის მომსახურებისთვის. შეიზღუდა სესხის გაცემა უცხოურ ვალუტაში. საქართველოს მოქალაქეების აბსოლიტურ უმრავლესობას ბანკების კაპიტალზე წვდომა საგრძნობლად შეეზღუდა. მაგალითისთვის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით, იპოთეკაზე წვდომა მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, ვისი ხელფასი 2 400 ლარს აღემატება, 2018 წლის ბოლოს ოფიციალური მონაცემებით, ასეთი საქართველოში სულ 42 000 ათასი მოქალაქე იყო.

ამ რეგულაციების საბოლოო შედეგებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა ამ დროის მონაცემებით საბანკო და სამშენებლო რეგულაციების შედეგი ამ დროისთვის 4 ათასი უმუშევარი, საკუთრების შეძენის შესაძლებლობას მოკლებული ათასობით მოქალაქე და შემცირების რეჟიმში გადასული ერთ დროს მზარდი და დინამიური სექტორია.

ჭარბვალიანობა და ვალების ჩამოწერა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირით ადრე, მამუკა ბახტაძემ საქართველოს მოსახლეობას აცნობა, რომ რომ იმ 700 ათასი მოქალაქიდან, რომელიც ამჟამად ე.წ. შავ სიაში იმყოფება, 600 ათასს ფინანსურ დავალიანებას ფონდის ქართუს ფინანსური დახმარებით ჩამოაწერდნენ. ბახტაძემ პროექტის ღირებულებად 1,5 მილიარდი ლარი დაასახელა. 

პრემიერი მაშინ ამბობდა, რომ ვალების ჩამოწერის შემდეგ, მოქალაქეები სრულფასოვან ეკონომიკურ საქმიანობას დაუბრუნდებოდნენ. ამ დროისთვის პროექტის საიტზე მევალეთა რაოდენობა 615 ათასია, ხოლო მათი ჯამური დავალიანება ბახტაძის მიერ დასახელებულ რიცხვს 3 მილიარდი ლარით აღემატება. ამავდროურად ბახტაძის მიერ დასახელებული რიცხვი 15 ჯერ მეტი იყო, იმ თანხაზე, რომელიც პროექტისთვის ქართუ ფონდმა გამოყო, 100 მილიონი ლარი. 

მოსახლეობის ჭარბვალიანობასთან ბრძოლის პარალელურად, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდებოდა სახელმწიფოს საგარეო ვალი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს 5,2 მილიარდი ოდენობის საგარეო ვალი აქვს, რაც მიმდინარე გაცვლითი კურსით, 14 მილიარდ ლარს აღემატება. თავის მხრივ ეს რიცხვი საგრძნობლად აღემატება 2019 წლის ბიუჯეტს, რომელიც 10,4 მილიარდი ლარით განისაზღვრა.

მცირე მთავრობა

ჯერ კიდევ პრემიერის კანდიტატის რანგში, საპარლამენტო გამოსვლისას ბახტაძემ განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მცირე მთავრობის კონცეფცია იქნებოდა. მართლაც, ბახტაძის მუშაობის პერიოდში სამინისტრეობის რაოდენობა 13-იდან 10-მდე შემცირდა. გაუქმდა სასჯელაღსრულების, დევნილთა და სპორტის სამინისტოები. ამ უწყებების ფუნქციები სხვადასხვა უწყებებზე გადანაწილდა.

ასევე, მოხდა რამდენიმე სახელმწიფო უწყების შერწყმა, თუმცა უცნობია კონკრეტულად რა თანხა დაიზოგა ამ ოპტიმიზაციით.

ლარის ისტორიული მინიმუმი

ეროვნული ვალუტის 24 წლიან ისტორიაში, ლარისთვის ყელაზე უიღბლო სწორედ, მამუკა ბახტაძის მმართველობის ბოლო თვეები აღმოჩნდა. ლარის მკვეთრი გაუფასურების ტენდენცია 2014 წლიდან დაიწყო, თუმცა 2019 პირველ ნახევარში ლარმა ისტორიული ანტირეკორდი რამდენიმეჯერ განაახლა.

მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს, ერთი დოლარის ღირებულებამ 2,9716 ლარი შეადგინა, რაც ეროვნული ვალუტის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ჯამურად მამუკა ბახტაძის პრემიერობის განმავლობაში ლარი 20%-ით გაუფასურდა. ბახტაძის პრემიერობის ბოლო დღეს ლარს ისტორიულ ანტირეკორდს ერთი თეთრი დააკლდა, 3 სექტმებრის კურსით, ერთი დოლარის ღირებულება 2,9616 თეთრია.

საპენსიო რეფორმა

საპენსიო რეფორმა მამუკა ბახტაძის ინიციატივათა რიცხვში ნამდვილად არ შედის, თუმცა რეფორმის მიმართ მხარდაჭერა მასაც მრავალჯერ დაუფიქსირებია. ამასთანავე რეფორმა სწორედ, ბახტაძის პრემიერობის დროს დამტკიცდა და ამუშავდა.

2019 წლის პირველი იანვრიდან საბანკო რეგულაციებთან ერთად ამოქმედდა ახალი საპენსიო რეფორმაც. ამ სისტემაში ჩართვა სავალდებულოა 40 წლამდე პირებისთვის, ხოლო დანარჩენებისთვის კი ნებაყოფლობითია. ამ დროისთვის პროგრამაში ავტომატურად ჩართულია საქართველოს ყველა სრულწლოვანი მოქალაქე და პროგრამიდან ამოსაწერად მოქალაქეებმა შესაბამის უწყებაში პირადი განცხადებები უნდა წარადგინონ.

საპენსიო რეფორმის მიხედვით, ყოველი დასაქმებულის შემთხვევაში საპენსიო ფონდში მისი ხელფასის 6 პროცენტი ირიცხება. საპენსიო შენატანებს თანაბრად ინაწილებენ (2-2%) სახელმწიფო, დამსაქმებელი და დასაქმებული. რეფორმის შედეგად დასაქმებულების ერთი ნაწილი უფრო ნაკლებ ხელფასს იღებს ხელზე. კერძოდ, რიგ შემთხვევაში დასაქმებულებს საპენსიო ფონდში ანაზღაურების 2 ან 4 პროცენტის გადახდა თავად უწევს. სახელმწიფო ბიუჯეტი კი დარჩენილ 2 პროცენტს სწორედ დასაქმებულთა მიერ გადახდილი გადასახადებიდან ფარავს.

ამ ფონდმა, მუშაობა საინვესტიციო საბჭოს არ არსებობის პირობებში დაიწყო. ამ დროისთვის ამ თანხების ნაწილი ეროვნული ბანკისა და სხვადასხვა კომერციული ბანკები ანგარიშებზეა მობილიზებული, რომელზეც საშუალოდ 6%-იანი სარგებელი ირიცხება.

700 მილიონი მაღალმთიან დასახლებებს

მაღალმთიან რეგიონებში და სოფლებში მოსახლეობის შენარჩუნებაზე ზრუნვა მამუკა ბახტაძის დანიშვნამდე გაცილებით ადრე 2015 წელს დაიწყო, თუმცა მამუკა ბახტაძის მუშაობის პერიოდში ამ მიმართულებით რამდენიმე ახალი ნაბიჯი გადაიდგა.

მათ შორის, მიმდინარე წლის 18 ივლისს მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიას. გეგმის მიხედვით შემდეგი ორი წლის განმავლობაში მაღალმთიანი რაიონების განვითარებაზე მთავრობა 700 მილიონ ლარს დახარჯავს.

განათლება ეროვნული იდეა

მამუკა ბახტაძის მიერ შემუშავებული გეგმა ითვალისწინებდა განათლების სფეროს ეროვნულ პრიორიტად გამოცხადებას. გეგმა მომდევნო წლებში განათლების სექტორის ზრდას ითვალისწინებდა. ბახტაძის თქმით, სფეროში გაიზრდებოდა დასაქმებულთა ხელფასები, სწავლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა.

ბახტაძის გეგმის თანახმად, 2020 წელს განათლების სფერო სახელმწიფო 2 მილიარდი ლარით უნდა დაეფინანსებინა. გეგმა შემდეგ წლებში დაფინანსების კიდევ უფრო ზრდას გულისხმობდა, ინიციატივის მიხედვით, 2022 წელს განათლების სამინისტრო დაფინანსება 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებდა. უცნობია გააგრძელებს თუ არა იგივე პოლიტიკას ბახტაძის შემცვლელი.

20 ივნისის შედეგები და სუბსიდირებული ფრენები

რუსეთიდან ფრენების აკრძალვის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ზიანის შესამცირებლად და ტურისტების მოსაზიდად რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებას ხელი მამუკა ბახტაძემ 24 ივლისს მოაწერა. 

რუსეთიდან ფრენების სუბსიდირებისთვის მთავრობამ 600 ათასი ევრო გამოყო. ამ გადაწყვეტილებიდან ერთი კვირაში გამართულ ბრიფინგზე ბახტაძემ განაცხადა, რომ ფრენების სუბსიდირება მოხდა, რათა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს გაადვილებოდათ მათი ნათესავების მონახულობა. ბახტაძემ აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგმულა ტურისტული ნაკადის შენარჩუნების მიზნით და რომ ეს თანხა იმ ზიანს ვერ შეამცირებდა, რაც ეკონომიკას რუსეთთან ავიამიმოსვლის შეჩერებით მიადგა.

მოგვიანებით იგივე მოცულობის თანხით მოხდა, ფრენების სუბსიდირება ლონდონიდან და ბრიუსელიდან.

მთავრობას დაქვემდებარებული ახალგაზრდობის სააგენტო

ახალი სამთავრობო უწყების შექმნა, ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება იყო, რომელიც მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის რანგში მიიღო. ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის "ახალგაზრდობის სააგენტოს შექმნის ბრძანებას ბახტაძემ ხელი 26 აგვისტოს მოაწერა.

როგორ შესაბამის ბრძანებაშია ნათქვამი, უწყება სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით შეიქმნა. ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსების ძირითადი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები იქნება. სააგენტო, რომელიც სამი დეპარტამენტისგან შედგება, იქნება განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული, ხოლო სააგენტოს უფროსს სამი მოადგილე ეყოლება.

კომენტარები