გლობალური ეკონომიკა

ბელარუსი, უკრაინა, ვენესუელა რუსეთის უმსხვილესი მოვალეები არიან

Kirill Kudryavtsev / AFP / Getty Images

რუსულმა გამოცემა RBK-მა რუსეთის სახელმწიფო მოვალეების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. როგორც გამოცემის მიერ მომზადებული მასალიდან ირკვევა, რუსეთის სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი მოვალეები ბელარუსი, უკრაინა და ვენესუელაა.

სულ გამოცემამ რუსეთის მოვალე 17 სახელმწიფოს შესახებ მოიძია ინფორმაცია, მათი ჯამური დავალიანება რუსეთის წინაშე 27 მილიარდი დოლარია.

რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით სახელმწიფოს მიერ გაცემული კრედიტების დიდი ნაწილი სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოდგენს. საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული, რუსეთის მიერ სხვადასხვა სახელმწიფოებზე გაცემული კრედიტები არა იმდენად ეკონომიკური ხასიათის მოვლენა იყო, რამდენადაც პოლიტიკური დატვირთვის. 

სხვადასხვა სახელმწიფოებზე რუსეთის მიერ გაცემული კრედიტების უმეტესობა, ამ ქვეყნებს სწორედ, რუსული შეაიარაღების საყიდლად გადაეცემოდა. მაგალითად მოსკოვი რუსული იარაღის შესაძენად წლების განმავლობაში აკრედიტებდა სომხეთს, ვენესუელას, ინდოეთს, ინდონეზიას, კუბას, ვიეტნამს.

2018 წლის ბოლოს რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მიერ სხვადასხვა ქვეყნებზე გაცემული სესხების ჯამური მოცულობა 39 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამ თანხის ნახევარზე მეტი დსთ-ს სახელმწიფოებზე მოდის, 5 მილიარდი კი ჯერ კიდევ საბჭოთა დროს სხვადასხვა სატელიტ სახელმწიფოებზე გაცემული და შემდგომში რესტრუქტურიზებული სესხებია.

RBK-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით რუსეთის მოვალეთა სიაშია საქართველოც. კლვევის მიხედვით საქართველოს დავალიანებამ რუსეთის წინაშე 400 მილიონი დოლარი შეადგინა. მასალაში არ არის დასახელებული თუ კონკრეტულად რისი და როდინდელი ვალია ეს. ნახსენებია, რომ საქართველოს დავალიანება 2005 წელს საქართველო-რუსეთს შორის ხელმოწერილი ვალის გადახდის გრაფიკიდან არის გამოთვლილი, თუმცა თუ კონკრეტულად რა თანხაა ეს ამაზე ცნობები არ მოიპოვება.

რუსეთის უმსხვილესი მოვალეების სამეული შემდეგნაირად გამოიყურება.

  • ბელარუსი — 7,5 მილიარდი დოლარი. 2012 წლის მერე ბელარუსის დავალიანება რუსეთის წინაშე თითქმის ორჯერ გაიზარდა. აღნიშნული დავალიანება დიდი ხანია, რუსეთის ხელთ არსებული პოლიტიკური ბერკეტია. 2018 წელს რუსეთმა ბელარუსს უარი უთხრა სესხის რეფინანსირებაზე და შემდგომი ფინანსური დახმარების საკითხი, მინსკის მიერ რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების რატიფიცირებას დაუკავშირა. რუსეთთან საკავშირო სახელმწიფოში ინტეგრეციას ბელარუსი უკვე რამდენიმე წელია აჭიანურებს, რაც მინსკსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის დაძაბვის საფუძველიც გახდა.
  • უკრაინა — 3,7 მილირდი დოლარი. ამ თანხის დიდი ნაწილი ევრობლაგიცების ხაზით არის ნაწარმოები, თუმცა უკრაინა ამ ვალს არ ცნობს, ვინაიდან ბონდების საკითხი განაწესის მიხედვით დიდი ბრიტანეთის სამართლით რეგულირდებოდა მხარეები უკვე რამდენიმე წელია ამ თემაზე ბრიტანულ სასამართლოში დაობენ. ამ თანხიდან 600 მილიონი დოლარი 1990-იან წლებში დაგროვილი ბუნებრივი აირის დავალიანებაა.
  • ვენესუელა — 3,1 მილიარდი დოლარი. ამ თანხის უდიდესი ნაწილი 2011 წელს ჯერ ჰუგო ჩავესის დროს გაფორმებულ სამხედრო კონტრაქტს უკავშირდება. მაშინ რუსეთის ფედერაციამ, რუსული იარაღის შესაძენად ვენესუელას 3 მილიარდი დოლარის კრედიტი გამოუყო. ამ კრედიტის საპროცენტო გადასხდელი 200 მილიონი დოლარია და გრაფიკის მიხედვით 2027 წელს უნდა დაიფაროს. თუმცა, მხოლოდ 2017 წელს სამჯერ განხორციელდა ამ სესხის რესტრუქტურიზაცია. თუ ვენესუელაში შექმნილ ვითარებას გავითვალისწინებით სესხის რესტრუქტურიზაცია კიდევ არაერთხელ უნდა მოხდეს.

კომენტარები