რუსეთ-საქართველო

ომში მონაწილე რუს სამხედროებს საქართველოში შემოსვლა აეკრძალოთ - ევრ. საქართველოს ინიციატივა

" ომში მონაწილე რუს სამხედროებს საქართველოში შემოსვლა უნდა აეკრძალოთ," - ევროპული საქართველო საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროებისთვის ქვეყნის არაოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოსვლის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ინიციატივის შესახებ პარტიის წევრმა გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა შემთხვევების შესახებ როცა რუსი სამხედროები, რომლებიც მონაწილეობდნენ 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიაში, იარაღით ხელში იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ, მონაწილეობდნენ ქართველების ეთნიკურ წმენდაში და მკვლელობებში დაუბრკოლებლად შემოდიან ჩვენს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე და სარგებლობენ ჩვენი სტუმართმოყვარეობით. ცხადია რუსი ტურისტები საქართველოში უნდა ჩამოდიოდნენ მაგრამ სრული უფლება გვაქვს მოვითხოვოთ იმ პირების საქართველოში არშემოშვება ვინც ჩვენი მოქალაქეების სისხლს ღვრიდა,“ - აღნიშნა კანდელაკმა.

კანდელაკის თქმით, საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ასეთი პირების ქვეყნის ტერიტორიაზე არ შემოშვებას ხელისუფლებას ისედაც ავალდებულებს, რადგანაც ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე სრულიად უკანონოდ, ოკუპანტის სტატუსით იმყოფებიან.

"მიუხედავად ამისა, ხშირია შემთხვევები როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის მოთხოვნის მიუხედავად მათ მაინც უშვებს ქვეყნის ტერიტორიაზე. ევროპული საქართველო პარლამენტში შევა რეზოლუციის პროექტით რომელიც დაავალდებულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აწარმოოს საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი რუსი სამხედროების მონაცემთა ბაზა,“ - თქვა კანდელაკმა.

კომენტარები