სირცხვილია - აქცია პარლამენტის წინ

20 ივნისის საქმეზე დაკავებულის დედა: დააკავეს იმიტომ, რომ გულანთებული ქართველია

ტაბულა

აქციაზე "სირცხვილია" სიტყვით 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის დედა გამოვიდა. თემლიანის დედამ აქციის მონაწილეებს სთხოვა, რომ ხელმოწერების შეგროვებაში დაეხმარონ. 

"უკვე თვე დამთავრდა, რაც ჩემს შვილს წაუყენეს ბრალდება 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც ჯგუფურ ძალადობას და შეიარაღებულ თავდასხმას გულისხმობს. არადა, ჩემი შვილის ქმედება საერთოდ ახლოს არ არის ამ მუხლთან. დააკავეს იმიტომ, რომ გულანთებული ქართველია. ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა, მერწმუნეთ. სოხუმელი ბიჭია. 24 წელი საქართველოში არ ყოფილა, ჩამოვიდა, რომ ეს მიწა დაეკოცნა, საქართველოსი. რა ვქნა არ ვიცი. ახლა მინდა, ყველას გთხოვოთ დიდი სიყვარულით. ჩემი თხოვნა იქნება, როგორმე ხელმოწერები ავაგროვოთ და დავეხმაროთ იმ ბიჭებს, ვინც ზის ციხეში და იხდიან სასჯელს ქვეყნის სიყვარულისთვის," - თქვა ბესიკ თემლიანის დედამ. 

ბესიკ თემლიანი 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით 4 ივლისს დააკავეს, ხოლო 6 ივლისს კი მას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

რუსთაველის გამზირზე პროტესტის 38-ე დღეა. აქციის "სირცხვილია" მონაწილეები 20 ივნისის აქციის დარბევისთვის კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, გადადგომას ითხოვენ. 

ბოლო ერთი კვირა, ანტისაოკუპაციო აქცია ზაფხულის ფორმატზე იყო გადასული - ორგანიზატორებმა პარლამენტთან სტუდია მოაწყვეს და გადაცემები ჰქონდათ. თუმცა, 20 ივნისის აქციის მონაწილეების დაკავების და ლარის რეკორდული გაუფასურების ფონზე TBC ბანკის დამფუძნებლებისთვის ბრალის წარდგენის გამო, "სირცხვილია" სამსახურში ბრუნდება. მათ დღეს განცხადებაც გაავრცელეს. 

20 ივნისის აქცია შსს-მ ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი. მათ შორის ორმა, თვალი დაკარგა. თვეზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. თავად გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ გადადგება. ის ერთი მხრივ, "პროვოკატორი ოპოზიციონერების" და პოლიციელებზე თავდამსხმელების დაკავებას აპირებს, მეორე მხრივ კი, "იმ ცალკეული სპეცრაზმელების" დასჯას, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს.

აქციის ძალადობრივი დასჯიდან 38 დღე გავიდა. ამ დროის განმავლობაში, აქციის მონაწილეების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავეს ორი პოლიციელი, მათგან ერთი - გირაოთი გაათავისუფლეს. ხოლო 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, კერძოდ, ჩამოართვეს პასპორტი და დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური.

კომენტარები