თბილისის მერია

კალაძე: "მარშრუტკები" მხოლოდ იმ ქუჩებში ივლიან, სადაც ავტობუსი ფიზიკურად ვერ მოძრაობს

თბილისის მერია

თბილისის მერის ინფორმაციით, ყვითელი მიკროავტობუსები ახლებით ჩანაცვლდება და ამაზე კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ე.წ "მარშრუტკები" მხოლოდ იმ ქუჩებში ივლიან, სადაც ავტობუსები ფიზიკურად ვერ მოძრაობს.

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიკროვტობუსები გადაინაცვლებდა მხოლოდ გარეუბნებში და მხოლოდ გარეუბნის მოსახლეობა ისარგებლებდა იმ მიკროავტობუსებით, რომლებსაც ყველა რესურსი ამოწურული აქვთ. ეს არის არასწორი ინფორმაცია მეგობრებო და მინდა გითხრათ, რომ მიკროავტობუსები გადანაწილდება ერთიან სისტემაში და არ იქნება გამოყოფილი გარეუბანი, ცენტრალური... მიკროავტობუსი ივლის მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც ათ და რვამეტრიანი ავტობუსები ფიზიკურად ვერ შეძლებენ გადაადგილებას ქუჩის გაბარიტების გამო.

რეფორმა არის მნიშვნელოვანი, მიკროავტობუსები თანხვედრაში მოვა მეტროსთან და ავტობუსებთან. გვექნება ერთიანი სისტემა ანუ ერთი აღებული ბილეთით შეეძლება მგზავრს ისარგებლოს მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით. ეს ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გვექნება სრული პრეზენტაცია" - თქვა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციითვე, დედაქალაქში შემოვა უფრო დიდგაბარიტიანი - 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები.

"მათთვის მოეწყობა შესაბამისი საავტობუსე ზოლები და ინფრასტრუქტურა, რომ ამ ზომის ავტობუსებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგლება. ყველა სამუშაო, რომელიც დღეს ქალაქში კეთდება, ყველგან არის გათვალისწინებული სპეციალური საავტობუსე ზოლები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ იყოს" - ამბობს კახა კალაძე.

კომენტარები