რუსთავი 2

GNCC: გაბუნიას განცხადებები ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელია

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
www.facebook.com/pages/კომუნიკაციების-ეროვნული-კომისია/

კომუნიკაციების კომისია გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმირ პუტინის გინებას "ანტისახელმწიფოებრივს" და "ძალადობის მაპროვოცირებელს" უწოდებს. GNCC-ის განცხადებით, ჟურნალისტის მიერ "შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული" გამონათქვამები ცდება საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ პროფესიულ ჩარჩოებს.

"მიგვაჩნია, რომ იმას, რაც 7 ივლისს “რუსთავი 2” ის ეთერით ვიხილეთ, არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან. ასეთი ფორმით და შინაარსით აზრის გამოხატვა არაეთიკური და უხამსია. სიძულვილის ენის შემცველი, ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებები სერიოზული საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის.

ამასთან, ჟურნალისტის მიერ შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული განცხადებების გაკეთება ცდება საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ პროფესიულ ჩარჩოებს, რაც ზიანს აყენებს მთლიანად ქართულ მედიას და ახდენს ჩვენი ჟურნალისტების დისკრედიტაციას.

იმ ფონზე, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი მართლაც ფასდაუდებელი მონაპოვარია, მიუღებელი და დაუშვებელია, სწორედ გამოხატვის თავისუფლების სახელით ხდებოდეს მსგავსი ტიპის უხამსი და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება. კომუნიკაციების კომისია დარწმუნებულია, რომ მედია, ჟურნალისტები და მთლიანად საზოგადოება, ვისაც სწორედ ეთიკური, პროფესიული და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა მიაჩნია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტად, აქტიურად დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და ადეკვატურ შეფასებას მისცემენ “რუსთავი 2”-ის ეთერში მომხდარ ფაქტს" - აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

აღსანიშნავია, რომ GNCC-მა რამდენიმე კვირის წინ წარადგინა ინიციატივა, რომელიც გამოხატვის თავისუფლების რეგულირებას ითვალისწინებს. უწყებაში ამბობენ, რომ ამის მიზანი "სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან" დაცვაა.

რუსთავი 2-ის 7 ივლისის "პოსტსკრიპტუმში", გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ და ქართული ოცნების დეპუტატებმა. ასევე, თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ მმართველი გუნდი "ამ პროვოკაციას მკაცრი რეაგირების გარეშე არ დატოვებს". 

კომენტარები