ნიკა მელიას დაკავება

მელიას თქმით, თავად ითხოვა მარტო დატოვება, მდინარაძე ამბობს, რომ "კოლეგებმა მიატოვეს"

მამუკა მდინარაძე
საქართველოს პარლამენტი

ფრაცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ იმ სხდომაზე, სადაც მისი იმუნიტეტის შეწყვეტას განიხილავდნენ, ნიკა მელია ოპოზიციონერმა კოლეგებმა მიატოვეს. თავად მელიამ განაცხადა, რომ დანარჩენ ოპოზიციონერ დეპუტატებს თავად სთხოვა ოცნების პირისპირ მარტო დატოვება.

"თქვენ და თქვენს მეგობრებს დღევანდელ სხდომაზე შეგეძლოთ ორნაირად გემოქმედათ. ერთი ეს იყო ისე მოქცეულიყავით, როგორც იქცევით და ამისი პიარული დაგეგმვის შედეგი უნდა ყოფილიყო, რომ ხალხს შეცოდებოდით. და მეორე - თქვენთან ერთად მოსულიყვნენ თქვენი კოლეგები და თქვენი სიმართლის შემთხვევაში საზოგადოებისთვის ენახებინათ თქვენი არგუმენტების სიმყარე, მაგრამ მათ მიგატოვეს." - აცხადებს მდინარაძე.

მელიას თქმით კი კოლეგებმა მისი მარტო დატოვებით მისივე თხოვნა გაითვალისწინეს:

"მე ვთხოვე ჩემს კოლეგებს, კატეგორიულად ვთხოვე და მათ ეს თხოვნა გაითვალისწინეს, რომ დღეს აი ეს სურათი ყოფილიყო, რომელიც არის. დიახაც, დღეს მე აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი. მე ვარ დღეს ამაყი, მაგრამ მე მგონი, თქვენ არ ხართ ამაყები; მე დღეს ვარ თავისუფალი, მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ პირიქით - უხერხულ მორჩილებაში." - ასე მიმართა მელიამ უმრავლესობის წევრებს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოსთხოვოს. 91 მომხრე, 0 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და სხდომას არ დაესწრო.  

ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას პროკურატურამ ბრალი 20 ივნისის აქციის საქმეზე წარუდგინა. მას აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან.

კომენტარები