ნიკა მელიას საქმე

მელია "ოცნებას": ღილაკზე მიჭერით თქვენს ბედს და ცხოვრებას განსაზღვრავთ, წარმატებები

მე ვთხოვე ჩემს კოლეგებს, კატეგორიულად ვთხოვე და მათ ეს თხოვნა გაითვალისწინეს, რომ დღეს აი ეს სურათი ყოფილიყო, რომელიც არის. დიახაც, დღეს მე აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი. მე ვარ დღეს ამაყი,მაგრამ მე მგონი, თქვენ არ ხართ ამაყები; მე დღეს ვარ თავისუფალი, მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ პირიქით - უხერხულ მორჩილებაში. მე ძალიან ბევრი რამ მექნება სათქმელი ჩემი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, თან სიამაყით და ვფიქრობ, თქვენ ძალიან ცოტა რამ გექნებათ სათქმელი სიამაყით თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როდესაც მტერი ჩასვით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

მე დღეს მგონია, რომ ვარ, დიახაც,ისტორიის სწორ მხარეს და მე მჯერა, რომ თქვენ ხართ ისტორიის არასწორ მხარეს. მე დღეს შემიძლია თითოეულ თქვენგანს თავისუფლად თვალი გავუსწორო, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება და ეს იგრძნობა ხელშესახებად ამ დარბაზში. დიახაც, მე დღეს აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი, თქვენ აპირებთ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ვარ ამაყი და მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი. დღეს თქვენ მე ვერ გამომიტანთ განაჩენს და ღილაკზე მიჭერით უბრალოდ თქვენს ბედს და საკუთარ ცხოვრებას განსაზღვრავთ. ასე რომ, წარმატებები. ამის თქმასაც არ ვაპირებდი, რომ არა ის ცილისწამება, ჩემი კოლეგების მიმართ.

ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლა პლენარულ სხდომაზე, სადაც მისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავენ.

კომენტარები