ნიკა მელიას დაკავება

აკაკი ბობოხიძე: რატომ არ არის დაკავებული ვასაძე, რომელიც ასევე შეიძლება მიიმალოს

ამ წუთებში პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც პროკურატურისთვის დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის საკითხს განიხილავენ.

კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა პროკურატურის წარმომადგენელი ამირან გულუალშვილი, დეპუტატები კი ახლა მას კითხვებს უსვამენ.

"ახლა შეკითხვა, ბატონი რევაზ ბაღაშვილი, საგამოძიები ნაწილის უფროსის მოადგილე, ანუ ვერ მეტყვის რომ არ იცის, ბატონი ამირან გულუაშვილი, ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, აქ ბრძანდება მომხსენებელია და ვერ მეტყვის რომ არ იცის, ბატონებო ხომ არ იცით რა მდგომარეობაშია საქმე ბატონი რაინდის მიმართ, რომელიც გამოცხადებულად კრებდა რაზმებს და ეს პროცესი მიდიოდა თან ყველას თანდასწრებით, განსხვავებით ნიკა მელიასგან ეს კაცი არის რუსეთის მოქალაქეც, ნიკა მელია რომც წავიდეს რომელიმე ქვეყანაში თუ თქვენ მას დასაბუთებულ ბრალს წაუყენებთ, ნებისმიერი ქვეყანა ვალდებულია ის უკან დაგვიბრუნოს, მაგრამ არც ერთი ქვეყანა არ არის ვალდებული უკან დაგვიბრუნოს თავისი მოქალაქე და ბატონმა ვასაძემ რომ გადაგასწროთ რუსეთში, მერე მას არ გადმოგცემენ და მაინტერესებს ეს საქმე რა მდგომარეობაშია და რატომ არ არის დაკავებული ვასაძე, რომელიც ასევე შეიძლება მიიმალოს.

ეს ერთი და მეორე, არსებობს ე.წ. დეპუტატის იმუნიტეტი, რომელიც მოითხოვს დეპუტატის მიმართ სისხლის სამართლის წარმოებაზე გაცილებით უფრო მაღალ სტანდარტებს და მე ვფიქრობ, თქვენ იურისტები ბრძანდებით და უფრო მეტიც, კვალიფიციური იურისტები ბრძანდებით თორემ იქ ვერ იქნებოდით, მაინტერესებს თუ თქვენ უბრალოდ მოხსენით იმუნიტეტი აი ამ მოთხოვნაზე, პარლამენტი ყველა შემთხვევაში დასაბუთების გარეშე მოხსნის იმუნიტეტს, თქვენ გვითხარით რა შეიძლება მოხდეს მომავალში ნიკა მელიასთან დაკავშირებით და რატომ არის მისი დაკავება აუცილებელი, მაგრამ არ გვითხარით რატომ არის საქმე აღძრული, ესე თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დეპუტატზე თქვათ, რომ ის არის ეჭვმიტანილი დანაშაულში და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოითხოვოთ მისთვის იმუნიტეტის მოხსნა, ხომ არ ფიქრობთ როგორც კვალიფიციური იურისტები რომ ასეთ შემთხვევაში ფიქციაა ე.წ. იმუნიტეტი და ხომ არ გვირჩევდით, როგორც იურისტები რომ როგორც პარლამენტის წევრებს აღარ გვქონდეს ეს ფიქტიური უფლებამოსილება და საერთოდ იმუნიტეტი აღარ არსებობდეს დეპუტატის, იმიტომ რომ ეს იმუნიტეტი პრაქტიკულად ნიშნავს რომ იმუნიტეტი აღარ არის", - თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, აკაკი ბობოხიძემ.

საქართველოს მთავარ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიას დაკავება სურს. საგამოძიებო უწყება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

თუმცა, ნიკა მელიას პარლამენტის წევრის იმუნიტეტი იცავს და იმისთვის, რომ პროკურატურამ მისი დაკავება ან ჩხრეკა შეძლოს, დეპუტატის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

სწორედ ამ მოთხოვნით მიმართა საგამოძიებო უწყებამ საკანონმდებლო ორგანოს 25 ივნისს. დღეს, დილიდან კი ნიკა მელიას კოლეგები გადაწყვეტენ მისცენ თუ არა თანხმობა პროკურატურას დეპუტატის დაკავებაზე.

კომენტარები